თამარ ჩიბურდანიძე - დემოგრაფიული მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა, რადგან პრობლემების მოგვარებაზე არც ერთი ხელისუფლება არ ზრუნავდა, „ქართული ოცნება“ გამონაკლისი აღმოჩნდა
თამარ ჩიბურდანიძე - დემოგრაფიული მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა, რადგან პრობლემების მოგვარებაზე არც ერთი ხელისუფლება არ ზრუნავდა, „ქართული ოცნება“ გამონაკლისი აღმოჩნდა

დემოგრაფიული მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა, რადგან ქვეყანაში ეს პრობლემები 30 წელია მძვინვარებს და მათ მოგვარებაზე ზრუნვა არც ერთმა ხელისუფლებამ არ დაიწყო, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება გამონაკლისი აღმოჩნდა, – ამის შესახებ დემოგრაფმა, თამარ ჩიბურდანიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„30 წლის გაყინული თემა, რომელმაც ფაქტობრივად, უფსკრულამდე მიგვიყვანა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააქტიურდა და პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა ხუთი წლის წინ დაიწყო“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.

მისი თქმით, ერთობლივი ძალისხმევით, გარკვეულწილად, შედეგი მიღებულია, რადგან ნეგატიური მოვლენები შეჩერდა და შობადობამ წინ წაიწია, მაგრამ ქვეყანა ფაქტობრივად, გარდაუვალ დემოგრაფიულ კრიზისში შევიდა, რასაც ათი-ოცი წლის წინ წინასწარმეტყველებდნენ.

„ეს არის შობადობის გარდაუვალი კლების პერიოდი. 80-იან წლებში საქართველოში 450 000 გოგონა გაჩნდა, ხოლო 90-იან წლებში 2000 წლამდე ამის ნახევარი, ანუ 225 000. დღეს დედობის ასაკში სწორედ ეს თაობა შედის და საიდან უნდა მოვიყვანოთ ეს არდაბადებული ახალგაზრდები, რომლებიც 90-იან წლებში ვერ გაჩნდნენ?! დემოგრაფიული კრიზისის პერიოდში სწორედ ამიტომ შევედით, რაც ერთი დემოგრაფიული თაობა, ანუ 25-27 წელი აუცილებლად გასტანს“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.

როგორც დემოგრაფმა აღნიშნა, ის, რაზეც დღეს მუშაობა მიდის, შედეგს სწორედ ამ დემოგრაფიული თაობის, 25-27 წლის შემდეგ მოგვცემს.

თამარ ჩიბურდანიძემ ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკის დონეზე ქვეყანაში დემოგრაფიული პოლიტიკა განსაზღვრულია და ახლა 2030 წლისთვის სამოქმედო გეგმის შედგენაა საჭირო, რომელიც საშუალებას მოგვცემს, 2050 წლისთვის გაერო-ს მიერ ნაწინასწარმეტყველები დემოგრაფიული კატასტროფა თავიდან ავიცილოთ.

„ვერ გეტყვით, რომ ამ ძლიერ დარტყმას სრულად ავიცილებთ, ეს უკვე გარდაუვალი და შეუძლებელია, რადგან ამ უდიდეს ეროვნულ პრობლემაზე ზრუნვა გვიან დაიწყო. ამიტომ, 25 წელი ჩვენ ყველა ვარიანტში გვჭირდება“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.

 

დატოვე კომენტარი