თამარ ჩერგოლეიშვილი - რეალურად, რაც ლევან ჯობავამ წაიკითხა, არის გორგასლის ანდერძი
ტექსტი არის შედგენილი თბილისში, ოღონდ ამ ტექსტს ჰყავს ადრესატი, რისკმოშიში სტატუსკვო ლოიალისტები, რომლებსაც ევოლუციურად აქვთ უცხოს შიში. ერთადერთი გზა, რეჟიმმა თავი დაიცვას იმისგან, რომ სტატუსკვო არ ჩამოერღვეს, არის პროტესტის მიმართ რაღაც შიშების გაღვივება, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას, პარლამენტთან ბრიფინგზე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მონაწილის, ლევან ჯობავას მიერ წაკითხულ ტექსტზე საუბრისას განაცხადა.
თამარ ჩერგოლეიშვილმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას: რატომ არ მოხდა ტექსტის ცვლილება და რას ნიშნავს ტექსტის ზემოთ მინაწერი, რომ დაუშვებელია რადიკალური ცვლილებების შეტანა ტექსტში?
„ეს არის „პრაიმ ტაიმის“ ტყუილი, თაკო ფხაკაძის მოგონილი, მაგ სიმართლით იაროს თაკო ფხაკაძემ, რომ ეგ ტექსტი დაიწერა ბრიუსელში, თუ ესმის ჩემი. არაფერი, სისულელეა ეს. „პრაიმ ტაიმი“ მაგისი არ არის? ბოლოს, ვიცოდი, რომ მაგისი იყო. ჰოდა, თაკო ფხაკაძემ იაროს მაგ სიმართლით და ივლის კიდეც. ეს ტექსტი არის შედგენილი თბილისში, ოღონდ ამ ტექსტს ჰყავს ადრესატი, რისკმოშიში სტატუსკვო ლოიალისტები, რომლებსაც ევოლუციურად აქვთ უცხოს შიში. ერთადერთი გზა, რეჟიმმა თავი დაიცვას იმისგან, რომ სტატუსკვო არ ჩამოერღვეს და რაზეც დგას, ის ბაზა ბოლომდე არ ჩამოერღვეს, არის ის, რომ რაღაც შიშები გააღვივოს პროტესტის მიმართ. ერთ-ერთი შიში არის უცხოსადმი შიში. თუ იტყვიან, რომ ეს პროტესტი არის უცხოეთიდან მართული, მაგ შემთხვევაში იმედი აქვთ, რომ 28 ნოემბერს ნაკლები ხალხი გავა აქციაზე და ამიტომ ატეხეს ისტერიკა“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მისი თქმით, სინამდვილეში არსებული პროტესტი არის ყველაზე ქართული პროტესტი, რაც კი ოდესმე ყოფილა.
„რეალურად, რაც ლევან ჯობავამ წაიკითხა, ის არის გორგასლის ანდერძი, ხალხო. ანუ, რაც ლევან ჯობავას ტექსტში წერია, სხვა სიტყვებით დაწერა თავის დროზე გორგასალმა, რომ არ მიატოვოთ ბერძენთა სიყვარული, არ მიატოვოთ ევროპაო“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
შეკითხვაზე, როგორია მისი პოზიცია გუშინ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საპროტესტო აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით, რასაც მმართველი გუნდი პროვოკაციულ ქმედებად და საქართველო-გერმანიის ურთიერთობის დაძაბვის მცდელობად აფასებს, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო მხარს უჭერს დემოკრატიულ პროცესს საქართველოში.
„არ უჭერს მხარს ავტოკრატებს, თორემ დემოკრატიულ პროცესს ყოველთვის დაუჭერს მხარს და ძალიან მოხარული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც დაბრუნდა თავის სამშობლოში პეტერ ფიშერი და ჰქონდა კონსულტაციები საკუთარ მთავრობასთან, ის დაბრუნდა თავის პოზიციაში გაძლიერებული და დაუბრუნდა პროტესტს. ეს არის გერმანიის მთავრობის პოზიცია და დღეს კახი კალაძემ აკაცუკი ეძახა გერმანიის მთავრობას. ეტყობა, ეშინია, რომ მაგასაც დაიჭერენ და უნდა, ძალიან ხმამაღალი იყოს. გერმანიის მთავრობას ეძახა აკაცუკი, ჩვეულებრივი აკაცუკიაო ფიშერი. კაცი არის ჩამოსული ბერლინიდან, კონსულტაციების მერე და, რამენაირად, გერმანიის მთავრობა ეტყოდა, როგორ შეიძლებოდა მოქცევა და როგორ არ შეიძლებოდა მოქცევა, რისგან შეეკავებინა თავი და ის კაცი რომ ჩამოვიდა, რადგან პროტესტზე მივიდა, ესე იგი, უთხრეს, რომ თავი მაგისგან არ შეიკავოს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
შეკითხვაზე, მიაჩნია თუ არა ნორმად ის, რომ დიპლომატი აქციაზე მიდის, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, ვიქტორია ნულანდი არ გახსოვთ, იმაში, რა ჰქვია, „მაიდნის“ დროს დადიოდა და ორცხობილებს არიგებდა, ხომ? მშვენიერია, ანუ, რატომ არ უნდა მიდიოდეს დიპლომატი დემოკრატიული პროცესის მხარდასაჭერად, მოშიმშილეების მოსანახულებლად?“
ამასთან, კითხვაზე, მიღებული პრაქტიკაა თუ არა ეს და შესაძლებელია მისი „მაიდანთან“ შედარება, ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა: „რასაკვირველია, მტრულ რეჟიმს ებრძვიან, ანტიდასავლურ, ანტიევროპულ რეჟიმს“.