თამარ ჩერგოლეიშვილი – გავრცელებულ სლაიდზე ის ხდება, რასაც ათი წელია, გავიძახი, მეინსტრიმ ოპოზიცია ჩარეცხილია და მხოლოდ მესიამოვნება, თუ ეს მართალია

10:23, 29.09.2026

IRI-ს რომ ჩაეტარებინა კვლევა, რომლის გამოქვეყნებასაც საჭიროდ თვლის, გამოაქვეყნებდა, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჩერგოლეიშვილი ეხმაურება პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ სლაიდს და ამ სლაიდთან დაკავშირებით „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებას.

„სანამ საქმე დამეწყება:

1. IRI-ს რომ ჩაეტარებინა კვლევა, რომლის გამოქვეყნებასაც საჭიროდ თვლის, გამოაქვეყნებდა.

2.  გავრცელებულ სლაიდზე ის ხდება, რასაც ათი წელია, გავიძახი – მეინსტრიმ ოპოზიცია ჩარეცხილია და მხოლოდ მესიამოვნება, თუ ეს მართალია, ჩემს 10-წლიან მოლოდინს ამტკიცებს;

3.  გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ რეჟიმის “არჩევნებში” მონაწილეობა და ტელემედიის კონტროლი „ლელოს“ გაქრობად დაუჯდა – ეს თუ მართალია, ჩემს მოლოდინს ამტკიცებს;

4. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ გახარიას საპარლამენტო ტრიბუნა და სისტემურ ოპოზიციად ყოფნა ოხრად რჩება;

5. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ ყველა ნაციონალურ ეთერში გამომჯდარი „გირჩი“, რომელიც გაპარტახებულ ოპოზიციაზე კაპიტალიზაციას ცდილობს, ცდომილების ზღვარშია,  ანუ სულ რომ შუაზე გაიხნენ და უთოშიც ილაპარაკონ, მათი ჭერი ცდომილების ზღვარია ნათელაშვილივით;

6. რაც შეეხება ფედერალისტებს – უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ფედერალისტები ბოკერიათი არ იზომება და არცერთი პროფესიონალი პოლსტერი, რომელსაც რეალობის გაზომვა სურს, ჩერგოლეიშვილის დასახელების გარეშე ფედერალისტებს არ გაზომავს, რადგან მე ვარ პარტიის სპიკერი (ბოკერიასვე გადაწყვეტილებით) და არა ბოკერია, რომელიც ორ კვირაში ერთ პოსტს დებს და ამით ამოიწურება მისი საჯარო კომუნიკაცია. რა ჩერგოლეიშვილი გიჟს ჰგავს, მეგობრებო, დასცინეთ ამ ორპროცენტიანს “, – წერს ჩერგოლეიშვილი.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“, 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „სახალხო პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.

მსგავსი