თამარ ჩერგოლეიშვილი - ჩვენი გაცხადებული ამოცანაა რეჟიმის ლეგიტიმაციის ეროზია, რადგან ბევრი მიზეზის გამო ეს რეჟიმი არალეგიტიმურად მიგვაჩნია
თამარ ჩერგოლეიშვილი - ჩვენი გაცხადებული ამოცანაა რეჟიმის ლეგიტიმაციის ეროზია, რადგან ბევრი მიზეზის გამო ეს რეჟიმი არალეგიტიმურად მიგვაჩნია

რასაკვირველია, პროტესტმა თავისთავად დიდი ტრავმა მიიღო, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა მოხდა 4 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიციისთვის და რა მოცემულობა დაუდგათ.

მისი თქმით, პროტესტი არ არის ბურჭულაძის რაღაც დელუზიური გეგმების შესახებ, რომელიც სააკაშვილისგან არის ნაკარნახევი.

„პროტესტს ეტყობოდა იქ, როგორიც არის პროტესტი, მშვიდობიანად იდგა რუსთაველზე და იყო გაკვირვებული იმით, რაც მოხდა, ხომ? ანუ, პროტესტი არ მიჰყვება არცერთ ლიდერს. პროტესტი თავისით აგრძელებს არსებობას. სხვათა შორის, აქედან რომ გავალ, ახალი კანონით, 15-დღიანი პატიმრობა უნდა მომისაჯონ, რადგან ვიყავი რუსთაველზე და გზის წავალ ნაწილზე ვიარე. ზოგადად, მე არ ვარ ხოლმე მომხრე, რომ როდესაც, ვთქვათ, არ არის საკმარისი ხალხი, ქუჩა გადაიკეტოს და ქუჩის გადაკეტვის უფლება, როგორც ასეთი, არ არსებობს, მაგრამ რუსთაველი რისი სიმბოლოა? რუსთაველი არის სიმბოლო რეჟიმის ლეგიტიმაციის ეროზიის. ანუ, რეალურად, იქამდე არსებული კანონმდებლობითაც, ოც კაცს, როგორც თვითონ ამბობენ, რუსთაველის გადაკეტვის უფლება არ აქვს. მაგ დროს უნდა მოვიდეს პოლიცია და გითხრას, რომ არ გადაკეტო და წინააღმდეგობა შეიქმნას, მაგრამ პრობლემა რაშია, იცით? ვერ მართავენ. პოლიცია იქ რომ მოვიდეს, შეიძლება, ამათ ეშინიათ ყოველ შემთხვევაში, რომ იმდენი ხალხი მიიღონ ქუჩაში, რომ პირიქით შეუტრიალდეთ და პროტესტი გააღვიძონ. ამიტომ ამის ეშინიათ. იმედი ჰქონდათ, რომ 4-ის მერე პროტესტს მოკლავდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაღაც ხალხი არსებობს, რომელიც კვლავ გამოდის“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როდესაც არასაკმარისი რაოდენობის ადამიანია შეკრებილი რუსთაველის გამზირზე, სწორედ ამ მიზნით ხომ არ დადიან ეს ადამიანები მანქანებისთვის განკუთვნილ სავალ ნაწილზე, რომ მოხდეს გარკვეული შეხლა-შემოხლა სამართალდამცველებსა და მათ შორის, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ მათი გაცხადებული ამოცანაა რეჟიმის ლეგიტიმაციის ეროზია.

„ჩვენი გაცხადებული ამოცანაა რეჟიმის ლეგიტიმაციის ეროზია, რადგან არალეგიტიმურად მიგვაჩნია ეს რეჟიმი ბევრი მიზეზის გამო. არა მხოლოდ იქ არჩევნებს როგორც ატარებს, არამედ იმის გამო, რომ ვინც ხმა მისცა, ისინიც გადაყრილი ჰყავს ხომ, რეალურად? ჩვენს ისტორიულ არჩევანს ღალატობს და ახლა რა ნაბიჯებიც გადადგა, მაგალითად, განათლების სისტემაში, სრულიად სიმეტრიულია იმ პრორუსულ არჩევანთან, რაც გაკეთებული აქვს რეჟიმს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

შეკითხვაზე, როდესაც საუბარია არალეგიტიმურობაზე, საზოგადოებას ახსოვს 2024 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციის განცხადებები, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, მაგრამ შემდეგ, იმავე ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ არჩევნებშიც მიიღეს მონაწილეობა, მათ საკრებულოებშიც ვნახავთ და გახარიას პარტია ამბობს, რომ სამწუხაროა, პარლამენტში რომ არ შევიდა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „ლელოც“ და ხაზარაძეც ასე თავკერძად იმიტომ მოიქცნენ, რომ იქაც არის ოლიგარქიული სისტემა.

„იქაც მამუკა ხაზარაძე უკვეთავს მუსიკას, თავის ნაქირავებ ტელევიზიაში უკვეთავს პოლიტიკურ დღის წესრიგს, თავისი პარტიის წევრებს თავს ახვევს თავის ახირებებს, თავის ამომრჩეველს ეუბნება, იცი რა, მნიშვნელობა არ აქვს, შენ რას ფიქრობ ჩემს მომავალ ნაბიჯზე, გჯერა, არ გჯერა არჩევნების, არის თუ არა საკმარისი დრო იმისთვის, რომ შენ არჩევნებში რწმენა დაგიბრუნო, მე ფულს გადავიხდი და შენ მაინც ხმას მომცემ, ხომ? ანუ, ჩვენ რეალურად საქართველოში რასაც ვხედავთ, ეს არ არის ბრძოლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ეს არის ბრძოლა რუსული ტიპის ავტოკრატიასა და დემოკრატიულ პროცესს შორის. ეს რუსული ტიპის ავტოკრატიები ბიძინა ივანიშვილის კარიკატურულ სისტემებად ჩვენ გვყავს ოპოზიციაში. აი, ასეთი რუსული ტიპის ავტოკრატიული სისტემა რომ არის „ნაციონალური მოძრაობა“, ზუსტად ამიტომ მოხდა 4 ოქტომბერი. თბილისის აგდებას რა უნდა? აი, ამაზე გაცვალეს ისე, რომ გეგმაც არ მომხდარა. რუსული ავტოკრატიული ტიპის სისტემა არის, პოსტსაბჭოთა ოლიგარქიული სისტემა, რასაც მამუკა ხაზარაძე აკეთებს – დიდი ეთერები, სათბურში დასმული რაღაც პოლიტიკოსები, რომლებსაც, არ ვიცი, მინიმალურ კონკურენციაში შესვლაც კი არ სჭირდებათ, სრულიად დაჩლუნგებული არიან, არანაირ კამათში შესვლა არ უწევთ, უხერხული კითხვების დასმა არ უწევთ, ხომ? ესეც არის ავტოკრატია. ანუ, რეალურად, ყველას უკვირს ხომ, ასეთი მძლავრი პროტესტების, ამდენი ხალხი გამოდის ქუჩაში, ასეთი მძლავრია და ასეთი მომხიბვლელი, რომ ოპონენტებშიც კი ხშირად აღფრთოვანებას იწვევს ისეთი პროტესტები ყოფილა, მაგრამ ვერ მიდის ეს ყველაფერი შედეგამდე, ხომ? მარტივია, იმიტომ, რომ მარტო ივანიშვილს კი არ ეუბნება უარს ეს პროტესტი, იმასაც ეუბნება უარს, რაც ოპოზიციაში ხდება, რომ, აი, 4 ოქტომბერს რაც გააკეთეს, ხალხი რომ აბუჩად აიგდეს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.