თამარ ჩარკვიანი - მეუხერხულება, მაგრამ ვიტყვი, გავითვალისწინე ევროპარლამენტარების თხოვნა, რომ 12 პუნქტის შესრულების დროს იყავით პარლამენტშიო, ვითვალისწინებ კბილების კრაჭუნით, რადგან არ ვარ პარლამენტში ყოფნის მომხრე
თამარ ჩარკვიანი - მეუხერხულება, მაგრამ ვიტყვი, გავითვალისწინე ევროპარლამენტარების თხოვნა, რომ 12 პუნქტის შესრულების დროს იყავით პარლამენტშიო, ვითვალისწინებ კბილების კრაჭუნით, რადგან არ ვარ პარლამენტში ყოფნის მომხრე

როდესაც დეოლიგარქიზაციის კანონზეა საუბარი, ეს ოპოზიციის „კაპრიზი“ კი არ არის, დასავლეთმა შეიყვანა გარკვეული სახელები და გვარები, მათ შორის ივანიშვილი, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ, თამარ ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„დასავლელ პარტნიორებს არ დაუსახელებიათ და არ შეუყვანიათ ხაზარაძე და ჯაფარიძე. ესენი ახლა გამოხტნენ და ამბობენ, ოლიგარქი არის ხაზარაძე და ჯაფარიძე, ივანიშვილი კი არაო?! ამისთვის ლექსიკონი არსებობს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

გადაცემის წამყვანის შენიშვნაზე, რომ ევროკომისიის 12 პუნქტში სახელ-გვარები ჩაწერილი არ ყოფილა, თამარ ჩარკვიანმა ასე უპასუხა – „რამდენი გამოსვლა ნახეთ ევროპარლამენტარის და ყველა ხელს ადებს. რატო, ეს უნდა ვთქვათ. ეს მათი „კაპრიზი“ კი არ არის?! როდესაც მართვის სადავეებთან აქვს საქმე ოლიგარქს და საშიში ხდება, როგორც არაფორმალური მმართველი, მაშინ არის ეს ოლიგარქია და მაშინ არის ოლიგარქატი“.

მისი თქმით, ოლიგარქი არ არის ადამიანი, რომელიც ბიზნესშია და სახელმწიფოსთვის სარგებელი მოაქვს.

„ოლიგარქი ბიზნესში მყოფი ადამიანი კი არ არის, რომელიც გადამხდელია, ნედლეულს ქმნის, ადამიანებს ასაქმებს და სახელმწიფოსთვის სარგებელი მოაქვს?! ფულიან კაცს კი არ ნიშნავს, არამედ ფულიან კაცს, რომელიც მიიტაცებს ინსტიტუციებს და გავლენას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუციაზე და მის ნგრევაზე. ეს არის ოლიგარქატი, თორემ ის კი არა, რომ ვიღაცას ფული ჰქონდეს?! მაგალითად, ბადრი ჯაფარიძეს შეიძლება, ჰქონდეს ფული და ამიტომ, ვიღაცამ ოლიგარქად გამოაცხადოს. ეს სისულელეა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, მაშინ, როდესაც ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, როგორ უნდა შეიქმნას ინკლუზიური პროცესი, რაც დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი მთავარი მოწოდებაა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მან გაითვალისწინა ევროპარლამენტართა თხოვნა, თორემ პარლამენტში ყოფნის მომხრე არ არის.

„ძალიან მეუხერხულება, რასაც ვიტყვი, მაგრამ ვიტყვი ამას ეთერში. მე უბრალოდ, გავითვალისწინე ევროპარლამენტარების თხოვნა. მართლა ყველა შეხვედრაზე პირდაპირი მითითება გვაქვს – ამ 12 პუნქტის შესრულების დროს იყავით პარლამენტში და ვითვალისწინებ კბილების კრაჭუნით. იმიტომ, რომ პირდაპირ გეუბნებით, არ ვარ პარლამენტში ყოფნის მომხრე“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

შეკითხვაზე, უნდა იგრძნოს თუ არა თავისი წილი პასუხისმგებლობა ოპოზიციამ იმაზე, რომ დასავლელი პარტნიორების მოწოდების უგულებელყოფის გამო, რომ 12 პუნქტზე ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იმუშაოს, შესაძლოა, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ 12 პუნქტის შესრულების ბერკეტი მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ხელშია და ამის შესრულება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„რა თქმა უნდა, უნდა იგრძნოს ოპოზიციამ პასუხისმგებლობა, მაგრამ ერთი რამ არსებობს, რაც ფაქტია და აქსიომა. დავუშვათ, მავანს არ მოსწონს ოპოზიცია და დავუშვათ, არც ხელისუფლებას მოსწონს, უვარგისია ბატონო და არანაირი ბერკეტი არ აქვს ოპოზიციას იმის, რომ 12 პუნქტი შეასრულოს. შესრულების ბერკეტი მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ხელშია. რომ მოხდეს სასამართლო სისტემის რეფორმა, პროკურატურის და თუნდაც, საარჩევნო სისტემის, ბერკეტი არის ხელისუფლების ხელში. სხვა არავის ხელში არ არის. ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ ეს კანონპროექტები და მერწმუნეთ, შევთავაზებთ კიდეც ძალიან საინტერესო ნამუშევარს, რასაც ოპოზიცია წარვადგენთ, მაგრამ შესრულების ბერკეტი არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ხელში. შეასრულონ ბატონო თვითონ და მიაღებინონ ქვეყანას სტატუსი, რა უშლით ხელს?“, – განაცხადა ჩარკვიანმა.