თამარ ბარკალაია - მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ბიზნესს, რათა მუშაობა დაიწყონ და შესაბამისად, მოქალაქეები დროულად დასაქმდნენ
თამარ ბარკალაია - მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ბიზნესს, რათა მუშაობა დაიწყონ და შესაბამისად, მოქალაქეები დროულად დასაქმდნენ

ჩვენ მზად ვართ, ყველანაირად შევუწყოთ ხელი ბიზნესს, რათა მათ მუშაობა დაიწყონ და შესაბამისად, მოქალაქეები დროულად დასაქმდნენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„ინსპექტირების თვალსაზრისით ჩვენი რესურსი საკმაოდ დიდია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია. პრიორიტეტულია ეკონომიკის დროული ამოქმედება და ჩვენ მზად ვართ, ყველანაირად შევუწყოთ ხელი ბიზნესს, რათა მათ მუშაობა დაიწყონ და შესაბამისად, მოქალაქეები დროულად დასაქმდნენ. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი მოქმედებს, არამედ ზოგადად, მარეგულირებელ-მაკონტროლებელი ორგანოების სრული მობილიზაციაა გამოცხადებული და საჭიროების შემთხვევაში, ყველას ჩართულობა არის უზრუნველყოფილი, რომ ინსპექტირების პროცესი იყოს დროული და არ იყოს გაჭიანურებული“, – განაცხადა ბარკალაიამ.

მისი თქმით, პორტალის გახსნიდან ძალიან მოკლე პერიოდში, ანუ 29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით დაახლოებით 5 000-მდე ინსპექტირება განხორციელდა, რაც სისტემის სრული დატვირთვით მუშაობა არ იყო.

„ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი დატვირთვით ვიმუშაოთ“, – განაცხადა ბარკალაიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ფორმით ხდება სამუშაო პირობების შემოწმება, ონლაინ თუ ადგილზე, თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ სამუშაო პირობების შემოწმება წინასწარ გაწერილი კითხვარის საფუძველზე ხდება.

„განსხვავება ის არის, რომ უკვე ამოქმედებული ბიზნესების შემთხვევაში უკვე მოქმედებს სანქცირების მექანიზმი და სანქციები საკმაოდ მაღალია. ეს არის 15 000 ლარი, მაგრამ ჩვენ ორიენტირებული არ ვართ სანქცირებაზე და პირიქით, ვცდილობთ, ბიზნესს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რათა მათ უსაფრთხოების ზომების სწორად დაცვა და შესაბამისად, სანქციების თავის არიდება შეძლონ. სწორედ ამიტომ არის ონლაინპორტალი და სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ყველა დამსაქმებელს, დროულად დარეგისტრირდნენ, სანამ ეკონომიკის სექტორი გაეშვება და საშუალება მოგვცენ, მათ დავეხმაროთ – შესაბამისი ინსპექტირება განვახორციელოთ, შესაბამისი რეკომენდაციები მივცეთ და მოვამზადოთ იმ პროცესისთვის, როცა ეკონომიკის დანარჩენი სექტორებიც ამოქმედდება, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, მალე და წინმსწრებით“, – განაცხადა ბარკალაიამ.

შეკითხვაზე, ეძლევათ თუ არა კომპანიებს გარკვეული ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად, თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები მყისიერად, ან დროის მოკლე პერიოდში მოგვარებადია და დამსაქმებლებს მაქსიმალური შესაძლებლობა ეძლევათ, რათა ხარვეზების მყისიერად გამოასწორონ, ხოლო დიდი ხარვეზების შემთხვევაში სანქცირების მექანიზმი მუშაობს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ონლაინპლატფორმა და რეგისტრაციის პროცესი ყველაზე სასარგებლო სწორედ იმ სექტორებისთვის არის, რომლებიც ჯერ არ არის ამოქმედებული, ვინაიდან დროულად დარეგისტრირება მათი ინტერესია.