თამარ ბარკალაია - დახმარების მისაღებად ვალიდური საბუთი იქნება, მაგალითად, ბანკის ცნობა, რომ პირს გამოტანილი აქვს სესხი შემოსავლის საფუძველზე, ასევე მაღაზიაში პროდუქტის ჩაბარების დოკუმენტი
თამარ ბარკალაია - დახმარების მისაღებად ვალიდური საბუთი იქნება, მაგალითად, ბანკის ცნობა, რომ პირს გამოტანილი აქვს სესხი შემოსავლის საფუძველზე, ასევე მაღაზიაში პროდუქტის ჩაბარების დოკუმენტი

ჩვენთვის საკმარისად ვალიდური საბუთი იქნება, მაგალითად, ბანკის მიერ გაცემული ცნობა, რომ კონკრეტულ პირს გამოტანილი აქვს სესხი, რომელიც მისი შემოსავლის საფუძველზე იქნა გაცემული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„ანალოგიური შემიძლია, გითხრათ ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, რომელიც ამა თუ იმ მაღაზიაში პროდუქტების მიწოდებას აწარმოებს. ასევე, ჩვენთვის ვალიდური დოკუმენტი იქნება მიღება-ჩაბარების აქტი, ე.წ. პირველადი გადახდის დოკუმენტი, ან ცნობა მაღაზიიდან, რომ ისინი ფიზიკური პირისგან გარკვეული სახის პროდუქციას იბარებენ. ეს არის მაქსიმალურად ლოიალური მიდგომა, რომელსაც კომისია პირველ რიგში, მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე გამოიყენებს და, რომლის საფუძველზეც მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები და თანხები იქნება გადარიცხული. ლოიალური მიდგომა იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნილი არ იქნება მაინცდამაინც დამსაქმებლისგან წარმოდგენილი საბუთი“, – განაცხადა ბარკალაიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ მოხდება რეპეტიტორებისა და ოჯახში დამხმარეების შემოსავლების შესწავლა, თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ არ არსებობს შეზღუდვა, რომელიც სფეროების მიხედვით ჰყოფს, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთადერთი შეზღუდვა ის არის, რომ ფიზიკური პირისგან წარმოდგენილი ცნობა არ იქნება სამარისი, რათა პირის ეკონომიკური საქმიანობა ვალიდურად ჩაითვალოს.

„ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა არ არის, იქნება ეს ძიძები, რეპეტიტორები, მძღოლები თუ სხვა ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები. მოქალაქეები საბანკო ტრანზაქციებით შეძლებენ, რომ დაამტკიცონ თავიანთი ეკონომიკური შემოსავალი, ან გასავალი, რომელიც შემოსავალზე იყო დაფუძნებული. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ იურიდიული პირიდან ვერანაირ საბუთს ვერ წარმოადგენს, მას შეუძლია, გამოიყენოს სოციალური გასაცემლების მექანიზმი, სადაც ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტაციის წარდგენა არ სჭირდება. ვგულისხმობ სოციალურად დაუცველთა კატეგორიას“, – განაცხადა ბარკალაიამ.

მისი თქმით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მომავალი ექვსი თვის განმავლობაში დახმარება არა მხოლოდ სოციალურად დაუცველთა კატეგორიაზე იქნება გავრცელებული, ანუ, იმათზე, ვინც დღეს არის სოციალური დახმარების მიმღები, არამედ იმათზეც, ვინც მომიჯნავე ქულებით სარგებლობს.

„დღეს დადასტურებული მექანიზმით მიმღები არიან 65 000 და ნაკლები ქულის მქონე პირები, მომავალი ექვსი თვის განმავლობაში კი ქულათა სისტემა 65 000-დან 100 000-მდე გავზარდეთ და შესაბამისად, დახმარებას გაცილებით მეტი მოქალაქე მიიღებს“, – განაცხადა ბარკალაიამ.