თამარ ბარკალაია - დავიწყეთ კამპანია, რომლითაც საზოგადოებას მოვუწოდებთ, ამხილოს მოძალადე
თამარ ბარკალაია - დავიწყეთ კამპანია, რომლითაც საზოგადოებას მოვუწოდებთ, ამხილოს მოძალადე

ჩვენ დავიწყეთ კამპანია, რომლის ლოზუნგია – „აიხილე თვალი, შეაჩერე ძალადობა“, რითაც საზოგადოების თითოეულ წევრს მოვუწოდებთ, ამხილოს დამნაშავე და ძალადობის მსხვერპლს დაეხმაროს, – ამის შესახებ ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა, თამარ ბარკალაიამ პირველი არხის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” სტუმრობისას განაცხადა.

„25 ნოემბერს ჩვენ მიერ დაწყებული კამპანიის ფარგლებში, შევქმენით ინტერაქტიული ვებ-გვერდი, სადაც გამოვიყენეთ ტექნოლოგია, რომელიც საქართველოში პირველად გამოიყენება, როცა თვალის დახუჭვა-გახელით შესაძლებელია გამოცდილების მიღება, რომელიც ძალადობის ყურებისას ადამიანს აქვს. ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ძალადობის სიუჟეტი და ინტერაქტიულით ვებ-გვერდს ვაძლევთ უფლებას, შენი კამერა გამოიყენოს. თვალის დახუჭვის შემთხვევაში, ისმის ძალადობის ხმები, გახელის დროს კი ძალადობა ჩერდება, კადრი შეშდება და ამოდის ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი”, – განაცხადა ბარკალაიამ.

როგორც მან აღნიშნა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი ძალადობის მსხვერპლთ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.

„ჩვენ გვაქვს თავშესაფრები და კრიზისული ცენტრი, რომლის ბაზაზეც მათ უსაფრთხო საცხოვრებელს, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას, უფასო იურიდიულ მომსახურებას, სასამართლოში წარმომადგენლობასა და სოციალურ რეაბილიტაციაში მხარდაჭერას ვთავაზობთ. აგრეთვე, ჩვენს ბაზაზე მოქმედებს უფასო საკონსულტაციო ცხელი ხაზი – 116 006, რომელიც 112-ის ალტერნატივაა იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც კონსულტაცია სჭირდებათ და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით 112-თან, ან სამართალდამცველებთან მიმართვის სურვილი არ აქვთ”, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

 

ავტორი: მაკა დარსაველიძე