თამარ ბარკალაია ჩეხ კოლეგას, რადიმ ირსენს შეხვდა
თამარ ბარკალაია ჩეხ კოლეგას, რადიმ ირსენს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ჩეხეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს, რადიმ ირსენს შეხვდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უცხოელ კოლეგას სამინისტროს პრიორიტეტები და მიმდინარე საქმიანობა გააცნო. ისაუბრეს სოციალური დაცვის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და გამოწვევებზე. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც.

ჩეხეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სამინისტროს სწორად დასახული პრიორიტეტები აქვს.

„ჩვენ ვითანამშრომლებთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. განვიხილეთ სოციალური დაცვის სისტემები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები. ჩეხეთის მხარემ ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა, რათა ჩვენი სოციალური სისტემები კიდევ უფრო დაუახლოვდეს ერთმანეთს. შევთანხმდით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე და ჩეხეთის მხრიდან სოციალური პროექტების მხარდაჭერაზე“, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

შეხვედრას ჩეხეთის რეგიონული განვითარების წარმომადგენელი იანა ზელინგეროვაც ესწრებოდა.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.