თამარ გაბუნია - 40 მილიონამდე ლარს, რომელიც მთავრობამ ინფექციურ საავადმყოფოს გამოუყო, ცენტრი თავად განკარგავს
თამარ გაბუნია - 40 მილიონამდე ლარს, რომელიც მთავრობამ ინფექციურ საავადმყოფოს გამოუყო, ცენტრი თავად განკარგავს

40 მილიონამდე ლარი, რომელიც მთავრობამ ინფექციურ საავადმყოფოს გამოუყო, შენობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის არის განკუთვნილი და თანხას თავად ცენტრი განკარგავს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ინფექციური დაავადებების, კლინიკური იმუნოლოგიის და შიდსის ცენტრი ქვეყანაში დაავადებების მართვის პროცესში კრიტიკულ როლს ასრულებს, სამწუხაროდ, დაწესებულება ძველ და ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული.

„დიდი ხანია, ამის შესახებ გვესმის. პრობლემა მრავალი წლის განმავლობაში გადაუჭრელი იყო. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაჟღერდა მთავრობის მხრიდან, რომლის თანახმადაც ცენტრს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოეყოფა 40 მილიონ ლარამდე რესურსი. თანხას ცენტრი თავად განკარგავს, რათა ოპტიმალურ სცენარში, იქნება ეს შენობის მოძიება და შესყიდვა, თუ ალტერნატიული შენობის აშენება, თავად გადაწყვიტოს, ბაზრის მოკვლევის საფუძველზე და პროცედურული წესების დაცვით. მთავარი მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას პრობლემები, რაც ცენტრის წინაშეა მრავალი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის კუთხით დ შეიქმნას შესაფერისი გარემო ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის. პროცედურული გადაწყვეტილება იქნება ინფექციურის მხარეს. ისინი მიიღებენ თანხას, რომ შენობა შეარჩიონ. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ჩატარებული ექნებათ გარკვეული წინასწარი სამუშაოები“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, გაბუნიას თქმით, „კოვიდ-19“ თან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა  მსოფლიო ბანკთან და სხვა დონორებთან ტექნიკური აღჭურვილობის მობილიზების კუთხით.

„ამდენად, სამინისტროს კვლავაც დარჩება გარკვეული შესაძლებლობა, რომ აუცილებელი აღჭურვილობა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ცენტრის შესაძლებლობებს, შეიძინოს დონორების დაფინანსების კუთხით და ეს 40 მილიონი სუფთა სახით მოხმარდება მხოლოდ შენობას“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება ონკოლოგიური და რესპუბლიკური საავადმყოფოების რეაბილიტაციას, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პროექტი სექტემბერში უკვე მზად იქნება.

„ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია ასევე დონორ ორგანიზაციებთან. კარგია, რომ „კოვიდმა“ გახსნა შესაძლებლობები და დღეს ბევრი ორგანიზაცია მზად არის, დაგვეხმაროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. მიმდინარეობს დაგეგმვითი სამუშაოები. იგეგმება ახალი პროექტი, რომელიც კონკრეტულად მიმართული იქნება ონკოლოგიური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, ასევე, რესპუბლიკურის რეკონსტრუქციისკენ. ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგვჭირდება ახალი პროექტის დეტალების დაზუსტებამდე და სავარაუდოდ სექტემბრის დასაწყისში უკვე გვექნება პროექტი დასრულებული სახით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, განვაახლოთ ამ ორი დიდი საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის შეძენის ან აშენების მიზნით დაახლოებით 40 მილიონი ლარი გამოეყოფა.