თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ითხოვს, პროკურატურამ უმოკლეს ვადებში მოიძიოს სატელიტებიდან გადაღებული მასალა
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ითხოვს, პროკურატურამ უმოკლეს ვადებში მოიძიოს სატელიტებიდან გადაღებული მასალა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ითხოვს, გამოძიებამ უმოკლეს ვადებში მოიძიოს იმ ადგილის სატელიტებიდან გადაღებული ფოტომასალა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 22 ივლისს იპოვეს.

ასევე, ადვოკატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა მოწმეების ჩვენებები, მათ შორის, თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობრის დეა კაპანაძის ჩვენება, რომელიც, ადვოკატის შეფასებით, ბევრ კითხვას აჩენს.

„ვერსიები ვერსიებად რჩება, გამოძიებას საქმე მიჰყავს თვითმკვლელობამდე და არა მკვლელობამდე. ჩვენებებიდან გამოვყოფ რამდენიმეს. პირველ დაკითხვაზე როდესაც იყო დეა კაპანაძე, იქ თვითმკვლელობაზე არ იყო საუბარი, მაგრამ საინტერესო ფაქტია – ის ამბობს, რომ რადგან თამარი იყო გულჩვილი და მშიშარა, ის გამორიცხავდა, უცხო ტერიტორიაზე წასულიყო. ანუ დეა კაპანაძე არ გამორიცხავდა, რომ ეს ადამიანი, ვისაც უნდა შეხვედროდა, ყოფილიყო ქალბატონი და ძალიან ახლობელი. არსებითი მნიშვნელობა აქვს, გამოთხოვილი და აღდგენილი იყოს სატელეფონო ჩანაწერი და კომპიუტერი. როდესაც დეა ინტერვიუში ამბობს, რომ თამარმა თვითმკვლელობაზე ერთ-ერთი შეხვედრისას ინფორმაცია მიაწოდა, მისი ჩვენებები ამის თაობაზე რამდენჯერმე შეიცვალა. როდესაც გამოძიების მხრიდან დაიწყო თვითმკვლელობის ვერსიის გამყარება, შემდეგ ეს ჩვენებებიც აქეთ იყო ორიენტირებული. ერთხელ დეამ თქვა, რომ თამარის კლასელმა მიაწოდა ინფორმაცია თვითმკვლელობის მცდელობაზე, შემდეგ გადათქვა, რომ თამარმა მიაწოდა ინფორმაცია. ჩემს მიერ არიან დაკითხულები თამუნას კლასელები და ისინი არ ადასტურებენ ჩვენებებში, რომ თამარს თავის მოკვლის მცდელობა ჰქონდა“, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

გამოძიება ცდილობს, დეა კაპანაძის და გარკვეული პირების ჩვენებით გაამყაროს გამოძიებია ვერსია.

„ჩემთვის გაურკვეველია, როდესაც 22 ივლისს ნახეს ცხედარი, ექსპერტიზა არ იყო ჯერ ჩატარებული, არ ჰქონდათ პასუხები, უკვე ბრიფინგზე გამოაცხადეს, რომ თვითმკვლელობისკენ იყო მინიშნება, რაც იყო წინაპირობა, რომ თვითმკვლელობის მიმართულებით გაგრძელებულიყო. ეს მტკიცებულებები შეიძლება, გამოძიებამ გამოიყენოს, დაეყრდნოს დეას ჩვენებებს და თქვას, რომ არაერთხელ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.