თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურაში ახალ ვიდეომასალებს წარადგენს, რომელიც მათი მტკიცებით, ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურაში ახალ ვიდეომასალებს წარადგენს, რომელიც მათი მტკიცებით, ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი ხვალ პროკურატურაში ახალ ვიდეომასალებს წარადგენენ, რომლებიც მათი მტკიცებით, ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

ამასთან, ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს და საქმის გამოძიებას პროკურატურისგან ითხოვს.

რაც შეეხება ვიდეომასალას, რომელიც დღეს ბაჩალიაშვილის ადვოკატმა პრესკონფერენციაზე მედიას გააცნო, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, 12, 13, და 14 აგვისტოს თეთრიწყაროს მცხოვრებმა იმ ადგილას გადაიღო, სადაც ბაჩალიაშვილი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ადვოკატის თქმით, კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მწყემსები პირუტყვთან ერთად არაერთხელ გადაადგილდებიან და გამორიცხულია გამოძიების ვერსია, რომ ავტომობილი იმ ადგილას ხუთი დღე იყო და მწყემსმა მხოლოდ ბოლო დღეს დაინახა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მცხოვრებლებს ვინმე ძმები ბეჟუაშვილები ემუქრებიან და ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ. ტერიტორიას კი ამ დრომდე პოლიცია იცავს.

ადვოკატი, ასევე მოითხოვს თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის აღმოჩენამდე, მისი ძებნის დროს აეროგადაღების კამერით გადაღებული მასალის დათვალიერებას, რომელიც გამოძიების მასალებში დევს.

ამასთან, გარდაცვლილის დედის თქმით, მომხდარი თვითმკვლელობის ინსცენირებაა, კერძოდ, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი მოკლულია.

„ჩვეულებრივი მოკვდავი რომ ყოფილიყო, აქამდე მილიონჯერ იქნებოდა გამოძიებული ეს საქმე, აქ ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ატერორებენ ყველანაირად თეთრიწყაროს რაიონში ყველას. უკვე 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი არ არის კავშირში თამარის სამსახურთან, რადგან სამსახურიდან უკვე წამოსული იყო და ეს სიტუაცია გამოიყენეს. დადგმულია თვითმკვლელობის ინსცენირება. თამარი მუშაობდა რაღაც პროექტზე და იმაზე მუშაობისას სრულიად შემთხვევით წააწყდა ამ ფაილებს. ბავშვმა არ იცოდა რა ფაილები იყო, სძლია ცნობისმოყვარეობამ, გახსნა და იქ იყო მაკომპრომატირებელი ფაქტები, შეშინებული იყო ბავშვი“, – განახცადა ბაჩალიაშვილის დედამ.

კითხვაზე, სავარაუდოდ ვისი მასალები უნდა ენახა თამარს, თეონა თამაზაშვილი აცხადებს: „არ ვიცი, ქაშიაშვილის სიუჟეტიდან გამომდინარე საუბარია მაღალჩინოსნებზე, მაგრამ რომელი უწყების მე არ ვიცი“.

გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატი გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ხვალ გეგმავენ.