თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი გარდაცვლილის კომპიუტერის ექსპერტიზაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვას ითხოვენ
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი გარდაცვლილის კომპიუტერის ექსპერტიზაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვას ითხოვენ

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი გარდაცვლილის კომპიუტერის ექსპერტიზაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვას ითხოვენ.

როგორც ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, მოთხოვნის საფუძველი ბევრი საეჭვო გარემოებაა, მათ შორის ის, რომ ამ დრომდე ვერ ხერხდება თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნა.

„21-ე საუკუნეში რატომ ვერ ხერხდება, ეს გასაგებია. შესაძლებელია, მრავალი მიზეზი არსებობდეს, მაინც სახიფათოა. შესაძლებელია, ამას რაიმე ინფორმაციის წაშლა მოჰყვეს. ოჯახს სრულად აინტერესებს ეს ინფორმაციები და ის, თუ რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მომხდარი“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, მისი პირადი მოთხოვნაა, დაესწროს როგორ გარდაცვლილის კომპიუტერის გახსნას, ასევე ავტომობილის ექსპერტიზას.

„საქმის მასალებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი შეკითხვაა დაკავშირებული ავტომობილის ექსპერტიზასთან. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ჩემი დასწრების გარეშე არ მოხდეს ავტომობილზე ექსპერტიზის ჩატარება, რადგან მე მინდა, გარკვეული პირების ჩართულობით შემოწმდეს. გარდა ამისა, არის უამრავი კითხვა, პროტესტი ოჯახის მხრიდან დაკავშირებულია იმ ხელმძღვანელთან, რომელმაც არაადეკვატური ქმედებები განახორციელა“, – განაცხადა მიხეილ რამშვილმა.

რაც შეეხება ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერეტების ჩართვას, ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის ექსპერტიზაში, ადვოკატის თქმით, ეს საჭიროა, რათა არ მოხდეს გარდაცვლილის კომპიუტერიდან რამე ინფორმაციის განადგურება.

„თვითონ კომპიუტერი და სატელეფონო ზარები მრავალ შეკითხვას ტოვებს. ვეცდებით, დროულად გვქონდეს ისეთი ინფორმაციები, რაც ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს, გოგონას გარდაცვალების ფაქტს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ამ დრომდე არ მიუღია აერო და ქუჩის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რაც გამოძიების მიმართ ეჭვს უჩენს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, პროკურატურის დადგენილების საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.

ამასთან ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნაა, რომ საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს.

საქმეზე გამოიკითხა ასევე ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი. გარდაცვლილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, სწორედ ლადო ბაჭულაშვილმა უთხრა მას, რომ მისი შვილი „შარშია“. გამოკითხვიდან გამოსულმა ბაჭულაშვილმა განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მამისთვის არასდროს უთქვამს, თითქოს მისი შვილი შარში იყო.