თამარ ბაჩალიაშვილის დედა - საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს კონსულტაციების დონეზე ჩართვა ჩვენთვის მიუღებელია, მნიშვნელოვანია, ისინი სრულად ჩაერთონ გამოძიებაში
თამარ ბაჩალიაშვილის დედა - საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს კონსულტაციების დონეზე ჩართვა ჩვენთვის მიუღებელია, მნიშვნელოვანია, ისინი სრულად ჩაერთონ გამოძიებაში

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდნენ.

როგორც ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ამბობს, მისთვის მთავარია, როგორ ჩაერთვება ფედერალური ბიურო საქმეში.

თეონა თამაზაშვილის განცხადებით, საქმეში უამრავი ხარვეზია და ჯერ არც ერთ კითხვაზე გამოძიებას პასუხი გაცემული არ აქვს.

„რადგან ფედერალური ბიუროს ჩართვაზე თქვეს თანხმობა, ამიტომ მოვედი შსს-ში, ახლა მნიშვნელოვანია რა დონეზე ჩართავენ, კონსულტაციების დონეზე არ მაწყობს, თავიდან ბოლომდე დაწყებული დაკარგვის დღიდან დამთავრებული დღემდე უნდა იყოს ჩართული ეფბიაი ყველა დეტალში. ფედერალურმა ბიურომ უნდა გამოიძიოს ყველაფერი, რატომ დაიკარგა თამარი, რატომ ვერ მოძებნეს ხუთი დღის განმავლობაში, რატომ წაიშალა კომპიუტერში ყველაფერი და წაიშალა ალბათ მანქანაც, რომელიც ჯერ არ არის გახსნილი. ველოდებით ფედერალურ ბიუროს ჩამოსვლას და ისე გაიხსნება მანქანა. მაღალჩინოსნებთან არის დაკავშირებული, რომ ამდენი ხარვეზია გამოძიებაში და არც ერთ კითხვაზე პასუხი ჯერ არ გაუციათ. საქმეს აქამდე ეცნობოდნენ, დღეს უკვე გაცნობილი არიან და ვნახავ, რამდენ კითხვაზე გამცემენ პასუხს“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

რაც შეეხება ბაჩანა ლობჟანიძეს, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარია, საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს.