თამარ ავალიანი - მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს გამოძიება მათი იდენტიფიცირების მიზნით, რომელთაც არჩილ ტატუნაშვილი უშუალოდ აწამეს და მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვიეს
თამარ ავალიანი - მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს გამოძიება მათი იდენტიფიცირების მიზნით, რომელთაც არჩილ ტატუნაშვილი უშუალოდ აწამეს და მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვიეს

არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულ დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევისთვის პატიმრობა ერთადერთი სწორი და ადეკვატური აღკვეთის ღონისძიება იყო, – ამის შესახებ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, თამარ ავალიანმა განაცხადა.

„პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ამას ველოდით კიდეც, რადან ტაბოევს და გურწიევს ჰქონდათ ძალიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩადენილი. რა თქმა უნდა, პატიმრობა იყო უკვე ერთადერთი სწორი და ადეკვატური აღკვეთის ღონისძიება და მხოლოდ პატიმრობით შეიძლებოდა მართლმსაჯულების მიზნების მიღწევა“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება შემდგომ პროცესებს, ადვოკატის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები უშუალოდ იმ პირების იდენტიფიცირების მიზნით, რომელთაც არჩილ ტატუნაშვილი აწამეს და მისი სიცოცხლის მოსპობაც გამოიწვიეს.

„ამ მიმართულებით, რა საკვირველია, შესაძლებელია იყოს გამოწვევები გამოძიებისთვის, რადგან ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ეს არ არის ჩვეულებრივი გამოძიება, როდესაც საგამოძიებო ორგანოებს შეიძლება ყველა ამ ტიპის საგამოძიებო მოქმედებებზე ჰქონდეთ ოპერატიული წვდომა. მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ქართული საგამოძიებო ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ იდენტიფიცირებული და შესაბამისად, პასუხისგებაში იყვნენ მიცემული პირები, ვინც უშუალოდ განახორციელეს არჩილ ტატუნაშვილის წამება და მისი სიცოცხლის მოსპობა“, – ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და წამებაში დახმარებისთვის არიან ბრალდებული ამ ეტაპისთვის, ეფექტური ნაბიჯია.

საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს შსს-ს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, არჩილ ტატუნაშვილის, ლ.ქ-სა და ი.პ-ს მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინა. 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და  ორივე ბრალდებულს  – დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.