თამარ არღვლიანი - ახალაიას დაკვეთით, ჩემი შვილი დათო ცინდელიანი დაიბარეს ვითომ თათბირზე ქუთაისში, სადაც ცხრაკაციანი სპეცრაზმი დახვდა და გაიტაცა, ბათუმში, ზღვაში გაიყვანეს და ნავში დახვრიტეს
თამარ არღვლიანი - ახალაიას დაკვეთით, ჩემი შვილი დათო ცინდელიანი დაიბარეს ვითომ თათბირზე ქუთაისში, სადაც ცხრაკაციანი სპეცრაზმი დახვდა და გაიტაცა, ბათუმში, ზღვაში გაიყვანეს და ნავში დახვრიტეს

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე განიხილება, დავით ცინდელიანის დედას, თამარ არღვლიანს უსმენენ.

თამარ არღვლიანმა კომისიის სხდომაზე ისაუბრა, როგორ მოხდა მისი შვილის გატაცება და შემდეგ მკვლელობა.

„მოვყვები მოკლედ, როგორ გააუბედურა სააკაშვილის სადისტურმა მთავრობამ, სისხლისმსმელმა სააკაშვილის მთავრობამ ჩემი შვილი და ოჯახი ყოველგვარი დანაშაულის გარეშე. მიზეზი იყო პოლიტიკური შეხედულებები, პირადი კონფლიქტები და შურისძიება. ჩემი შვილი – დათო ცინდელიანი 2008 წლის 16 აგვისტოს სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაიბარეს ვითომ თათბირზე, ზევიდან დაკვეთით, მთავრობის, პირადად ახალაიას დაკვეთით. ლაშა ჭკადუამ და ბადრი მამინაშვილმა დაიბარეს ქუთაისში ვითომ თათბირზე. როგორც კი ჩავიდნენ ქუთაისში, დახვდა ქუთაისის ცხრაკაციანი სპეცრაზმი, რომელსაც ზემდგომი ორგანოებისგან დავალებული ჰქონდათ, გაეტაცებინათ ჩემი უდანაშაულო შვილი. დახვდნენ და გაიტაცეს, მამას და მის თანმხლებ პირებს წაართვეს ხელიდან. ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე და დახვრიტეს. ნივთმტკიცება რომ არ ყოფილიყო, ბეტონის ფილები გამოაბეს, ზღვაში გადააგდეს, ზღვაში ჩაძირეს, ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად. ნავი წინასწარ ჰქონიათ ნაშოვნი. მაშინდელი აჭარის კუდ-ის უფროსის, თეიმურაზ პატარიძისგან. სანაპიროზე ის ხვდებოდა, იცოდნენ. კუდ-ის ორ თანამშრომელს აქეთ-იქიდან მოუკიდიათ ხელი, თავზე შავი ტომარა ჩამოუცვიათ. იმ დღეს დაბარებული კუდ-ის ერთ-ერთი თანამშრომელი ონისე კვაშილავა, ქრისტიანი კაცი, ტელეფონით სურათებს უღებდა უკნიდანო. ეს რომ დაუნახავს ქილერ, ნარკომან შამათავას, უთქვამს, მოდი უზბეკ, ფოთში წაგვყევიო. სხვა რა გზა ჰქონდა იმასაც და გაჰყოლია. ჩამსხდარან ნავში – წინ გიორგი ჩიქოვანი, ნავის მძღოლი და ეს სადისტი შამათავა უკან, ჩემი შვილი და კვაშილავა. ზღვაში რომ შესულან, 2-3 კილომეტრზე შევიდნენ, ტალღების შედეგად ნავი რომ მოძრაობდა, თურმე კვაშილავა შეეკითხა, რა არისო და გვერდებისკენ უნიშნებია ხელი. სიტყვებით არაფერს ამბობდა, არც არ დამხვრიტოთო, არც არაფერს. შამათავას უბრძანებია, ააყენე და წინ დასვი, ნავის კიჩოზეო. ააყენა თუ არა, იმ წუთშივე ამოიღო თავისი იარაღი, პირდაპირ თავში დაახალა და ერთი გასროლით მოკლა. ასე უთქვამს, რა მაგარი იარაღი ყოფილა, მეორე გასროლა აღარ დამჭირდაო. იქვე დაცემულა, ნავში სისხლის გუბე დამდგარა. წინასწარ გამზადებული ბეტონის ფილები მოუმარჯვია, გამოუბია და ზღვაში ჩაუძირია“, – განაცხადა თამარ არღვლიანმა.“, – განაცხადა თამარ არღვლიანმა.

ამასთან, თამარ არღვლიანმა კომისიის სხდომაზე თავისი შვილის მკვლელობის მოტივზე ისაუბრა.

„როცა „ნაციონალებს“ ხვდებოდა პირში ახლიდა მათ სიბინძურეებს. მისმა ასეთმა ხასიათმა განაპირობა მისი ბედისწერა. კოდორი თოფის გაუსროლელად და უბრძოლველად როცა ჩააბარა სადისტურმა სააკაშვილის მთავრობამ, კოდორიდან გამოსული ჯარი და უფრო ადრე გამოსული ბავშვები, ქალები, მოხუცები უპატრონოდ მიატოვეს, მათი თავშესაფარი გახდა ჩემი ოჯახი. ეცოდებოდა დევნილები, ემსახურებოდა მათ, დაჰყვებოდა ყველგან. ერთხელ დევნილებს შეხვედრა ჰქონდათ თბილისიდან ჩამოსულ მაღალჩინოსნებთან და კოდორიდან გადმოსულ „კუდ-ის“ თანამშრომლებთან. საკადრისად ვერ ისაუბრეს დევნილებმა და ესეც ჩარეულა ლაპარაკში, საყვედური უთქვამს, რომ კოდორი თოფის გაუსროლელად ჩააბარეთ, ბავშვები, ქალები უპატრონოდ მიატოვეთ და ახალა მაინც რატომ არ ზრუნავთ მათი პირობების შექმნაზეო. კამათის ბოლოს ისიც მიუყოლებია, თქვენი დრო დათვლილია და შემდეგ სად შეძვრებითო. „კუდ-ის“ თანამშრომლები იმ საღამოს იქ დარჩენილან, ყველაფერი შეუსწავლიათ, ვინ იყო ეს ბიჭი, რა ავტორიტეტით სარგებლობდა ხევში. იმ წელს არჩევნებიც ტარდებოდა და ალბათ შეეშინდათ, რომ ხალხი თავის მხარეს არ გადაებირებინა. არ გასულა ათი დღე და 2008 წლის 16 აგვისტოს, მთავრობის დავალებით, ჭუბერის თანამშრომლები თითქოს თათბირზე დაიბარეს დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლაშა ჭკადუამ და ბადრი მამინაშვილმა. როგორც კი შევიდნენ ქუთაისში, წინ დახვდათ ცხრაკაციანი სპეცრაზმი, იკითხეს დათო ცინდელიანი. გადმოვიდა მანქანიდან და „კუდი-ის“ ორმა უფროსმა აქეთ-იქედან მოკიდა ხელი. უთქვამს, ხომ არ გაგიჟდით, რა მოხდა და შემდეგ უსიტყვოდ გაჰყვა“, – განაცხადა თამარ არღვლიანმა.