თამარ ალანია - ყველაზე კარგი ასპარეზი კითხვებზე საპასუხოდ იქნებოდა პარლამენტი, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა
თამარ ალანია - ყველაზე კარგი ასპარეზი კითხვებზე საპასუხოდ იქნებოდა პარლამენტი, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა

ადამიანები, რომლებიც პოზიორობენ და პოლიტიკურ ქულებს იწერენ, რატომღაც არ აკეთებენ აქცენტს, თუ როგორ ხდებოდა წინა პერიოდში, როდესაც პრეზიდენტი წარადგენდა უზენაესი სასამართლოს წევრებს, – ამის შესახებ პირველ არხს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, თამარ ალანიამ განუცხადა.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ მიიღო მოსამართლეობის 10-მა კანდიდატმა განცხადების გავრცელების გადაწყვეტილება, როგორც ალანია ამბობს, განცხადება ეხმიანება საზოგადოებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ასევე პარლამენტში წარმოქმნილ გარკვეულ კრიზისს, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს უკავშირდება.

„მოსამართლეები ვართ გარკვეულად შებოჭილი იმ თმენის ვალდებულებით, რომელიც ჩვენი სამსახურებრივი ტვირთია და ამ ტვირთის ზიდვა ყველას არ შეუძლია. ჩვენ არ მოგვეცა კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება. ყველაზე კარგი ასპარეზი საპასუხოდ, ჩემი აზრით, არის პარლამენტი, სადაც ეს კითხვები უნდა დასმულიყო და პასუხი გაეცა თითოეულ კანდიდატს. ამის შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა“,-აღნიშნა ალანიამ.

მისივე თქმით, არ იქნება ცუდი, თუ მოსამართლეობის კანდიდატებს ექნებათ კრიტერიუმების გაწერაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

„არ იქნება ცუდი, თუ ეს პროცესი ასეთი ფორმით გაიხსნება და ჩვენც მოგვეცემა კრიტერიუმების გაწერის დროს მონაწილეობის შესაძლებლობა, ასევე ამ კრიტერიუმებს დავექვემდებაროთ და გავცეთ საზოგადოებას ამით პასუხი“, – აღნიშნა ალანიამ.

ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ახლად შერჩეულ სიაში იგი კვლავ იყოს.

„რა თქმა უნდა, ამას არ გამოვრიცხავ. კრიტერიუმები არ იწერება ერთი და ორი ადამიანისთვის. შესაბამისად, ჩემი გამოცდილება და პრინციპები, რომელსაც ვემსახურებოდი, მაძლევს ამის თქმის შესაძლებლობას“,- განაცხადა თამარ ალანიამ.

თამარ ალანიამ ასევე კომენტარი გააკეთა იუსტიცის საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებაზე სასამართლო სისიტემაში კლანის მუშაობის შესახებ.

„ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ როგორ შეიძლება, ათ ადამიანს მოუვიდეს ერთი და იგივე აზრი. ჩემი კონტრშეკითხვა იქნება, მაშინ როგორ შეიძლება ორ ან სამ ადამიანს მოუვიდეს ერთი და იგივე აზრი. კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში შეიძლება არა მარტო ათ, არამედ 100 ადამიანს ერთნაირი მოსაზრება. არგუმენტი, რომ ათ ადამიანს ვერ მოუვა ერთ საკითხზე ერთი და იგივე აზრი, აბსურდული და ძირშივე მცდარია“,-აღნიშნა ალანიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ერთობლივი განცხადება დღეს გაავრცელეს, ისინი პარლამენტს მიმართავენ, მათი კანდიდატურები არ განიხილონ.