თამარ ალანია ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს - არ მომწონს თქვენი დამოკიდებულება, რომ თითქოს თან ხართ, თან არ ხართ ბულინგის მსხვერპლი
თამარ ალანია ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს - არ მომწონს თქვენი დამოკიდებულება, რომ თითქოს თან ხართ, თან არ ხართ ბულინგის მსხვერპლი

არ მომწონს თქვენი დამოკიდებულება, როგორც ქალების მიმართ, ასევე არ მოწონს თქვენი დამოკიდებულება, რომ თითქოს თან ხართ, თან არ ხართ ბულინგის მსხვერპლი, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ალანიამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილი დაინტერესდა, როგორ შეაფასებდა თამარ ალანია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს არსებულ სიტუაციას, რაზეც ალანიამ განაცხადა, რომ სიტუაცია დაძაბულია.

„საინტერესო შეკითხვაა. საბჭოს ის ფორმატი ცოტა განსხვავდება. სიტუაცია მეტად უფრო დაძაბულია, მედიაციისა და კომუნიკაციის პრობლემაა. თქვენ თქვენი პოზიცია გაქვთ. თქვენ და ქალბატონი ანა დოლიძე ხართ ხოლმე რაღაც სიტუაციაში, საზოგადოებასთანაც გაქვთ კომუნიკაცია. ასევე, ინტერნეტქსელს აქტიურად იყენებთ. მგონი, ცოტა შეურაცხყოფების რეჟიმშია და ეს არ მომწონს. ვისი ბრალია, როგორია, ეს ჩემი საქმე არ არის. ერთი ის არის, რომ არ არის ლამაზი არანაირი თვალსაზრისით ეს და ვფიქრობ, რომ აქ საჭიროა ახალი ნაბიჯი გადაიდგას, რათა თქვენც თქვათ აზრი და მოსამართლე წევრებმაც. ყველაზე მთავარი გამოსავალი უნდა იყოს, რომ სასამართლო ხელისუფლებას დავეხმაროთ გაჯანსაღებაში. თქვენი ხედვა შეიძლება, იყოს რაღაც ერთი სახეობის, ერთის სახეობის მოსამართლე წევრების და სხვა მოსამართლე წევრების კი ისევ სხვანაირი. რაღაცნაირად ეს უნდა დაახლოვდეს“, – განაცხადა თამარ ალანიამ.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა გასული წლის 24 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით, თამარ ალანიამ განაცხადა, რომ დეკემბრიდან დღემდე მის ბიოგრაფიაში არაფერი შეცვლილა.

„დეკემბრის საკითხებზე საუბრობთ, როცა ათკაციანი სიის წარდგენა მოხდა, არ არის პრობლემა, ვისაუბროთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, დეკემბრიდან დღევანდელ დღემდე რა შეიცვალა?! არაფერი შეცვლილა ჩემს ბიოგრაფიაში. ზუსტად ასე მოვიდოდი და ვისაუბრებდით, თუ იქნებოდა კრიტერიუმები, მაგრამ მოდი, ასე ვთქვათ, არც საზოგადოებას ჰქონდა რაიმე განსხვავებული მოლოდინი და მეც არ მქონდა სხვა მოლოდინი. შეიძლება, ვცდები, რადგან უშეცდომო არავინ არის. ისტერიის დაწყება მგონი, არ იყო საჭირო. შეიძლება, პროცესი იყო დაჩქარებული, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, საკუთარს რომ თავი დავანებო, ჩემი სხვა კოლეგები რატომ არ იმსახურებდნენ?! ამიტომ, მგონი, ჩვენ ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ ნერვებს“, – განაცხადა თამარ ალანიამ.

კითხვაზე, რას გულისხმობდა, როდესაც საბჭოში შეურაცხყოფები ახსენა, თამარ ალანიამ განაცხადა: „ზოგადად, არ მომწონს დამოკიდებულება, შეიძლება როგორც თქვენს მიმართ, ანუ როგორც ქალების მიმართ და არ მოწონს თქვენი დამოკიდებულება, რომ თითქოს თან ხართ, თან არ ხართ ბულინგის მსხვერპლი. მაპატიეთ, ეს ჩემი მოსაზრებაა“.

კითხვაზე, რაც საბჭოში ხდება, ამ საკითხზე თუ უსაუბრია ირაკლი ბონდარენკოსთან ან ირაკლი შენგელიასთან, თამარ ალანიამ განაცხადა, რომ მისი მოსაზრება და შეთავაზებაა, მედიაციას მიმართონ.

„გთა​ვაზობთ და ეს ჩემი აზრია. არსებობს მედიაციის საკითხი. მედიაცია იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი. მესმის ჩემი კოლეგების. თქვენიც მესმის. არ დავმალავ და პირდაპირ გეუბნებით, რომ მესმის თქვენი, როგორც ორი ქალბატონის, მაგრამ ჩემთვის ფორმატი, როგორც ქალისთვის და როგორც მოსამართლისთვის მიუღებელია“, – განაცხადა თამარ ალანიამ.