ტალინის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
ტალინის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

ესტონეთის ეროვნული მუზეუმის, ესტონეთში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, ტალინის მუზეუმი „მიკელი“ 23 მარტიდან 20 აგვისტომდე ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ექსპოზიცია მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის მუზეუმში დაცულ სრულ კოლექციასა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილ სამ ფერწერულ ტილოს მოიცავს.

ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ესტონური მუზეუმისთვის ნამუშევრების გადაბარების ყველა ოფიციალური და ტექნიკური პროცედურა, რომელიც ქართველი და ესტონელი სპეციალისტების მიერ განხორციელდა.

ესტონური საზოგადოებისთვის 5-თვიანი გამოფენა ოფიციალურად 23 მარტს გაიხსნება. 22 მარტს კი, დიდი ქართველი ფერმწერის ნამუშევრებს დიპლომატიური კორპუსისა და ესტონეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლობა გაეცნობა.

გახსნის ცერემონიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფიც დაესწრება. 23 მარტიდანვე მუზეუმ „მიკელის“ საგამოფენო სივრცე ოთხი დღით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებსაც დაეთმობა, სადაც სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის თანამშრომლები ესტონეთში მცხოვრები ქართულენოვანი სათვისტომოსა და ესტონელი მოქალაქეებისთვის პროგრამა „ვხატავთ ფიროსმანს“ წარმოადგენენ.