ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების რაოდენობის გაზრდა იგეგმება
ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების რაოდენობის გაზრდა იგეგმება

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების  რაოდენობის გაზრდა იგეგმება. აღნიშნული საკითხი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ესტონეთის ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ტალინში ესტონელი ჟურნალისტებისთვის ღონისძიება გაიმართა, 30-მდე ესტონელმა ჟურნალისტმა აჭარული ხაჭაპურისა და პოპულარული ქართული კერძების მომზადებაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაზე პრეზენტაცია შედგა, სადაც ესტონური მედია აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსაც გაეცნო.

პარალელურად, რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობები  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტალინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე  – Tourest 2020 წარადგინა.

გამოფენის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით სხვადასხვა მსხვილი ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ტალინიდან ბათუმში ჩარტერული ფრენების საკითხი კი,  კომპანიასთან – Tez Tour განიხილეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია მიმდინარე წელს ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. პირველი ასეთი ავიარეისი ესტონეთის დედაქალაქიდან ბათუმში გასული წლის ზაფხულში განხორციელდა.

ამასთან, აჭარაში ესტონეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 2019 წელს 67 პროცენტით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი