„თალიბანმა“ სამთავრობო ძალებთან ბრძოლების შემდეგ, ჩრდილოეთ ავღანეთის მთავარი ქალაქი ყუნდუზი დაიკავა
„თალიბანმა“ სამთავრობო ძალებთან ბრძოლების შემდეგ, ჩრდილოეთ ავღანეთის მთავარი ქალაქი ყუნდუზი დაიკავა

„თალიბანმა“ სამთავრობო ძალებთან სასტიკი ბრძოლების შემდეგ, ჩრდილოეთ ავღანეთის მთავარი ქალაქი ყუნდუზი დაიკავა. ბოლო სამი დღის განმავლობაში, ზარანჯისა და შებერღანის შემდეგ, ყუნდუზი გახდა მესამე პროვინციული დედაქალაქი, რომელზეც თალიბებმა კონტროლი დაამყარეს.

ავღანური რადიკალური დაჯგუფების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თალიბებმა აიღეს პოლიციისა და მთავრობის შენობები, ასევე – ქალაქის ციხე. ქალაქის ცენტრში თალიბებმა დროშა აღმართეს.

პარალელურად, ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ კოორდინირებული ოპერაციის შედეგად, „თალიბანმა“ მძიმე დანაკარგები განიცადა.

თალიბების წინააღმდეგ ავიადარტყმებს ახორციელებს აშშ-ს სამხედრო ავიაციაც.

ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, უკვე დაიწყო ყუნდუზის გაწმენდის ოპერაცია. ყუნდუზის დაკავებას „თალიბანისთვის“ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი ჩრდილოეთ პროვინციების კარიბჭედ მიიჩნევა.

ყუნდუზის პროვინცია ტაჯიკეთს ესაზღვრება. ეს საზღვარი გამოიყენება ავღანური ოპიუმისა და ჰეროინის კონტრაბანდისთვის ცენტრალურ აზიაში, რომელიც შემდეგ ევროპაში ხვდება. ყუნდუზის კონტროლი ნიშნავს ნარკოტიკების კონტრაბანდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტის კონტროლს რეგიონში.