„თალიბანის“ სამი სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მათმა მებრძოლებმა პანჯშირის პროვინციის დაკავება შეძლეს, ინფორმაციას „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ლიდერი უარყოფს

23:50, 03.09.2021

„თალიბანის“ სამი სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მათმა მებრძოლებმა დედაქალაქ ქაბულის ჩრდილოეთით არსებული პანჯშირის პროვინციის დაკავება შეძლეს. საპასუხოდ, აღნიშნულ ინფორმაციას „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი უარყოფს.

„ალაჰის წყალობით, ჩვენ მთელ ავღანეთს ვაკონტროლებთ. მოწინააღმდეგეები დამარცხდნენ და ახლა პანჯშირი ჩვენ კონტროლქვეშაა“, – აღნიშნა „თალიბანის“ ერთ-ერთმა მეთაურმა.

„როიტერის“ ცნობით, ზემოხსენებული ცნობების დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ დედაქალაქ ქაბულში უკვე ისმის პროვინციის აღებასთან დაკავშირებით საზეიმო გასროლები.

მედიაში არსებული ინფორმაციით, პროვინციის აღებას უარყოფს „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ამრულა სალეჰი.

„ეჭვგარეშეა, რომ რთულ სიტუაციაში ვართ. ტერიტორია შევინარჩუნეთ და წინააღმდეგობის გაწევა შევძელით. წინააღმდეგობა გრძელდება. მე აქ ვარ ჩემი მიწისთვის და ვიცავ მის ღირსებას“, – ამბობს სალეჰი.

„თალიბანის“ მიერ პანჯშირის სავარაუდო დაკავებას გამოეხმაურა „წინააღმდეგობის მოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერი აჰმად მასუდი.

„პაკისტანურ მედიაში გავრცელებული ცნობები პანჯშირის დაკავებაზე არის სიცრუე“, – განაცხადა მასუდმა.

მსგავსი