„თალიბანის“ პრესსპიკერის განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გასვლით, ვაშინგტონმა გამოცდილების ნაკლებობა გამოამჟღავნა
„თალიბანის“ პრესსპიკერის განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გასვლით, ვაშინგტონმა გამოცდილების ნაკლებობა გამოამჟღავნა

შეწყვეტილი სამშვიდობო მოლაპარაკებებით აშშ-მა შესაძლოა უფრო მეტი დაკარგოს, – ამის შესახებ ავღანური რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ პრესსპიკერმა განაცხადა. ზაბიჰულა მუჯაჰიდის თქმით, მოლაპარაკებებიდან გასვლით, ვაშინგტონმა სიმწიფისა და გამოცდილების ნაკლებობა გამოამჟღავნა.

„თალიბანის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ თალიბები ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკების გასამართად 23 სექტემბრისთვის შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ავღანეთის ხელისუფლება ჯერჯერობით არ ადასტურებს. ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე, ავღანეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, სედიქ სედიქმა ​„თალიბანთან“ პირდაპირი მოლაპარაკებების მხოლოდ სურვილი გამოთქვა.

აშშ-სა და „თალიბანს“ შორის მოლაპარაკების შეწყვეტის მიზეზი ქაბულში მომხდარი აფეთქება გახდა, რომელსაც ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა.

მოძრაობა თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები 2018 წელს დაიწყო. მებრძოლები ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანას ითხოვენ. საპასუხოდ, ვაშინგტონი თალიბებისგან ავღანეთში უსაფრთხოებაზე პასუხიმგებლობის აღებას, ტერორისტულ დაჯგუფება „ალ ქაიდასთან“ კავშირის გაწყვეტას და ავღანეთის ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებას მოითხოვს.