„თალიბანის“ ლიდერი მოჰამედ ჰასან ახუნდი ავღანეთის მთავრობის ყოფილ წევრებს ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს
„თალიბანის“ ლიდერი მოჰამედ ჰასან ახუნდი ავღანეთის მთავრობის ყოფილ წევრებს ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

„თალიბანის“ ლიდერი მოჰამედ ჰასან ახუნდი მთავრობის ყოფილ წევრებს ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ, მოჰამედ ჰასან ახუნდმა „ალ ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი განცხადებით, ახალი მთავრობა მზადაა, უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება. გარდა ამისა, ახუნდის თქმით „თალიბანი“ პოზიტიური და მტკიცე ურთიერთობების დამყარებას გეგმავს რეგიონის სახელმწიფოებთან და დიპლომატების, საელჩოების და ჰუმანიტარული დაწესებულებების უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა. ამასთან, ახუნდმა განაცხადა, რომ ჰპირდება ამნისტიას ყველას, ვინც აშშ-სთან და ყოფილი მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა.

მან ავღანელებს მოუწოდა, არ დატოვონ ქვეყანა და დაჰპირდა, რომ ახალი ხელმძღანელობა ავღანეთში ხანგრძლივ მშვიდობას, კეთილდღეობას და განვითარებას უზრუნველყოფს.

ახუნდის თქმით, ავღანეთი ისტორიული გამოცდის წინაშე დგას და სისხლისღვრის და მკვლელობების ეტაპი დამთავრდა. მისი თქმით, „თალიბანი“ ისლამური სისტემის ჩამოყალიბებას ცდილობს და ამ საქმეში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს. ახუნდის განცხადებით, ახალი მთავრობა იმ საერთაშორისო კანონების, ხელშეკრულებების და ვალდებულებების ერთგული დარჩება, რომლებიც ისლამის კანონებს არ ეწინააღმდეგება.

„თალიბანმა“ დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ ორი დღის წინ განაცხადა. ახალი მთავრობის 33 ხელმძღვანელი პოზიციიდან, 14 – 1996-2001 წლის მთავრობის ჩინოვნიკებს უკავიათ, ხუთი – გუანტანამოს ციხის ყოფილი პატიმარია, 12 კი, მოძრაობის მეორე თაობის წარმომადგენელი.

ახალი მთავრობის შემადგენლობას კრიტიკა მოჰყვა ქალებისა და ეთნიკური ჯგუფების მხრიდან, რადგან ახალი მთავრობის ადმინისტრაციაში უმრავლესობა პაშტუნის ჯგუფს წარმოადგენს და ქალების სრული ნაკლებობაა. კრიტიკა გამოთქვეს დასავლეთის ქვეყნებმაც. ევროკავშირსა და აშშ-ში აღნიშნავენ, რომ გარდამავალი მთავრობა, რომელიც არ მოიცავს სხვადასხვა ჯგუფს, არ იქნება კარგი ქვეყნის მომავალი სტაბილურობისთვის.