„თალიბანი“ ავღანეთის ბადღისის რეგიონის მთავარ ქალაქ ქალა-ე-ნავში შევიდა
„თალიბანი“ ავღანეთის ბადღისის რეგიონის მთავარ ქალაქ ქალა-ე-ნავში შევიდა

„თალიბანი“ ავღანეთის ბადღისის რეგიონის მთავარ ქალაქ ქალა-ე-ნავში შევიდა. ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

ავღანეთის მთავრობის ინფორმაციით, თალიბები ქალაქის ცენტრის მიმართულებით გადაადგილდებიან და სამთავრობო არმიის ჯარისკაცებთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

გავრცელებული ცნობით, თალიბებმა ქალაქის ციხე აიღეს და 400-მდე პატიმარი, მათ შორის „თალიბანის“ 100-ზე მეტი მებრძოლი გაათავისუფლეს. ციხის მცველი სამხედროები თალიბებს უბრძოლველად ჩაბარდნენ. თალიბებმა ქალაქში მდებარე სადაზვერო სამსახურის შენობაში ცეცხლი წაიკიდეს.

„თალიბანის“ პრესსპიკერის, სუჰაილ შაჰინის განცხადებით, სამხედრო დაჯგუფება ქვეყნის 398 რაიონიდან 162-ს აკონტროლებს.

თავის მხრივ, ავღანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში რადიკალური დაჯგუფების პოზიციებზე განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად, 261 თალიბი მებრძოლი მოკლეს, 200-ზე მეტი კი დაიჭრა.