„თალიბანი“ აშშ-ის კონგრესს სანქციების შემსუბუქებისა და ავღანური აქტივების განბლოკვისკენ მოუწოდებს
„თალიბანი“ აშშ-ის კონგრესს სანქციების შემსუბუქებისა და ავღანური აქტივების განბლოკვისკენ მოუწოდებს

„თალიბანი“ შეერთებული შტატების კონგრესს სანქციების შემსუბუქებისა და ავღანური აქტივების განბლოკვისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ საუბარია „თალიბანის“ საგარეო საქმეთა მინისტრ ამირ ხან მუთაქის მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განთავსებულ წერილში. ამირ ხან მუთაქი აღნიშნავს, რომ ამერიკული სანქციების შედეგად ზიანი მიადგა არამხოლოდ ვაჭრობისა და ბიზნესის სფეროს, არამედ ჰუმანიტარულ დახმარებასაც. ავღანური აქტივების გაყინვით კი, მისივე თქმით, შესაძლოა, ზიანი მიადგეს ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა საჯარო სამსახურების სისტემებსაც.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთს მილიარდობით დოლარის აქტივები აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემასა და ევროპის სხვა ცენტრალურ ბანკებში აქვს განთავსებული. აქტივები ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შედეგად დაიბლოკა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასულ კვირას გაფრთხილება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ საკვების მწვავე უკმარისობის ფონზე, მილიონამდე ავღანელ ბავშვს შიმშილით სიკვდილი ემუქრება.