თაკო ჩარკვიანი - სოფო ჯაფარიძის მიმართ ძალიან დიდი სიმპათიებია, ის ხალხის დახმარებასთან ასოცირდება
თაკო ჩარკვიანი - სოფო ჯაფარიძის მიმართ ძალიან დიდი სიმპათიებია, ის ხალხის დახმარებასთან ასოცირდება

სოფო ჯაფარიძის მიმართ ძალიან დიდი სიმპათიებია, ის ხალხის დახმარებასთან ასოცირდება, – ამის შესახებ პარტია „კანონისა და სამართლის“ ხელმძღვანელმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

ჩარკვიანმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობისადმი“ მიმართვაზე, სადაც ის ამბობს, რომ პარტიის ბორდის თავმჯდომარედ აირჩიონ, სოფო ჯაფარიძე კი მისი მოადგილე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს.

თაკო ჩარკვიანის თქმით, სოფო ჯაფარიძე „კოვიდის დროს შესანიშნავად მოღვაწეობდა და ამიტომ მის მიმართ მართლაც ასეთი დამოკიდებულებაა“.

„სააკაშვილი საკმაოდ პრაგმატული პოლიტიკოსია, ვის მოსწონს და ვის არა, ეს სხვა თემაა, მაგრამ ის რომ დიდი მასშტაბის პოლიტიკოსია, ორი აზრი არ არსებობს. სწორად ფიქრობს გაერთიანების და საერთო სიის შემთხვევაში. პოლიტიკოსები ამბიციებს თუ უკან გადადებენ, ძალიან გამიხარდება. ჩემთვის უპირველესი თემა ვექტორალური ცვლაა და ამ ტიპის კანონების შემოტანა ისეთ გაუმართავ და რუსული სამართლებრივი სისტემის ქვეყანაში, სადაც დასანქცირებული მოსამართლეები გვყავს, ეს არის ჩემთვის უმთავრესი. როდესაც დასაცავი გაგვიხდა სახელმწიფოებრიობა, არ მესმის, ამ დროს პარტიების „ჩემია“, „სხვისია“ გაუგებარია.

სულ საუბარია მესამე ძალაზე. რასაც ახლა ვიტყვი, შესაძლოა, პოლიტიკოსისგან არაპოპულარული იყოს, მაგრამ ჩემს სიცოცხლეში არ გამიკეთებია ისეთი განცხადება, რასაც მე არ ვგრძნობ. მესამე ძალა გუშინ ქუჩაში იყო. მესამე ძალა რუსთაველზეა. ჩვენთვის მესამე ძალა ხალხია, რომელიც გულწრფელად აპროტესტებს. მესამე ძალა უმრავლესობაშია. პოლიტიკოსების გარეშე პროცესის დატოვება შეცდომაა, მაგრამ ცოტა ამბიციები რომ დაივარცხნოს ყველამ, კარგი იქნება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.