თაკო ჩარკვიანი - შენიშვნებიც მიმიცია და სააკაშვილის რამდენიმე განცხადება არ მომწონებია, მაგრამ რუსეთთან მებრძოლი პრეზიდენტი რომ პოლიტდევნილი მყავს, არ მსიამოვნებს
თაკო ჩარკვიანი - შენიშვნებიც მიმიცია და სააკაშვილის რამდენიმე განცხადება არ მომწონებია, მაგრამ რუსეთთან მებრძოლი პრეზიდენტი რომ პოლიტდევნილი მყავს, არ მსიამოვნებს

შენიშვნებიც მიმიცია და არ მომწონებია სააკაშვილის რამდენიმე განცხადება, მაგრამ რუსეთთან მებრძოლი პრეზიდენტი რომ პოლიტდევნილი მყავს, არ მსიამოვნებს, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დიდი ხანია, დაბრუნებულია.

„რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, თავისუფლებაა, მას აქვს ამის უფლება. ამ პოლიტიკური რეალობით, რამდენად შესაძლებელია განხორციელბა, ეს არ ვიცი. პროცედურული მხარე ამ ყველაფრის (დაბრუნების), მაგრამ ისე, პირდაპირ გეტყვით, მისი განცხადება აბსოლუტურად არ მაღიზიანებს . შენიშვნებიც მიმიცია და არ მომწონებია სააკაშვილის რამდენიმე განცხადება, მაგრამ რუსეთთან მებრძოლი პრეზიდენტი რომ პოლიტდევნილი მყავს, არ მსიამოვნებს. თავისუფლება. მივეჩვიოთ ამას, თავისუფლება უნდა იყოს. მთავარია, ჩვენ იქ, ოქტომბერში, დასავლური ვექტორი ვიყოთ ერთად და ქვები არ ვესროლოთ ერთმანეთს, რატომ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მტერი საქართველოს ჰყავს რუსეთი. ახლა თუ რაიმე დაასხამს „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყალს, ეს იქნება პოლარიზება, რაც თქვენ გახსოვთ. პირველ ტურში 900 000-იანი გამარჯვება მოიტანა „ძალა ერთობამ“, მეორე ტურში რა მოხდა, გამოიყენა ივანიშვილმა და როგორც კი პირისპირ დარჩა პოლარიზებული პოლიტიკური ველი, იმ წამსვე ისარგებლა სათავეში მყოფმა ოლიგარქმა. ეს ასხამს მის წისქვილზე წყალს. ამიტომ, ვფიქრობ, თავისუფლება, მრავალფეროვნება არის დღეს დაკვეთა ქართული საზოგადოების. ფაქტია, კოალიციურ ხელისუფლებას სამომავლოდ ითხოვს ხალხი, ეს ყველა კვლევამ დაადასტურა. დაკვეთაც არ არის ხალხის, რომ პოლარიზება იყოს, ვერ დარჩება იგივე მოცემულობა მხოლოდ „ქართული ოცნება“ და მხოლოდ „ნაციონალური მოძროაბა“, ეს ყველაფერი უკვე ჩანს.

რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, ძალიან კარგი, თუ მას ამის სურვილი აქვს, ვიმეორებ, თუ მას ამის შესაძლებლობა აქვს პროცედურულად, რაზეა საუბარი. დესტაბილიზაცია არავის არ აქვს ჩაფიქრებული და მერწმუნეთ, არც მიხეილ სააკაშვილს. ჯერ ერთი, ქართულ პოლიტიკაში ვბრუნდები, დაბრუნებულია დიდი ხანია, ხელისუფლებიდან დაწყებული ყველა მასზე საუბრობს, დაბრუნებულია, როდის წავიდა?! არ არის ასე, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ვერავის ვერაფერს აუკრძალავ, ბოლოს და ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი იყო, სახელმწიფო ინსტიტუციები აშენებული აქვს. განაცხადა განაცხადა, მისი საქმეა ეს. არაფერს არ შემოიტანს ოპოზიციაში“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ძალიან მზარდი რეიტინგი აქვს. ამასთან, ჩარკვიანი აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძე, რომელიც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შესთავაზა, ქვეყანას ჩიხიდან გამოიყვანს.

„პოლარიზება უკვე მოხსნილია, თუნდაც იმით, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ძალიან მზარდი რეიტინგით მიდის, ხალხის დაკვეთა არის პიროვნებები, ამიტომ პოლარიზება უკვე მოიხსნა. ყველა ნიჭიერი ქართველი სჭირდება საქართველოს, ოპოზიციას კი- არა. ჩვენ არ გვყავს არც ერთი ნიჭიერი ქართველი დასაკარგი. მოუნდა მან, დაასახელა, დაასახელა. უკვე დავასახელე, შევთავაზებთ კიდეც გიორგი ვაშაძის საპრემიერო კანდიდატს, თავისუფალი ველია აბსოლუტურად. დავასახელე პრემიერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე. რომ დავასახელე სულ თავიდან და ერთი ამბავი ატყდა, მაშინვე ვთქვი, თუ თქვენ გნებავთ, თქვენც დაასახელეთ-მეთქი. დააყენონ, არ არის პრობლემა, რაღაც ახალი დაკვეთა ხალხის, ხალხი ელოდება სიახლეს, რეფორმებს. კანდიდატი, რომელიც შევთავაზე საზოგადოებას, ზუსტად ჩიხიდან გამოსვლის გამო შევთავაზე. ხალხს რა მოსწონს, ხალხს მოსწონს სააკაშვილის დროინდელი რეფორმები და არ მოსწონს სააკაშვილის დროს დანაშაულებრივი ქმედებები. ამოვარჩიე ადამიანი, რომელიც დანაშაულებრივი ქმედებებით არ უკავშირდება იმ პერიოდს და მხოლოდ რეფორმებით უკავშირდება, ასეთი არის გიორგი ვაშაძე და შევთავაზე საზოგადოებას. არაფერი პრობლემა არ იქნება, ხალხი გადაწყვეტს ამ ეტაპზე, ამ პოლიტიკურ რეალობაში რა უფრო სჭრიდებათ, ვინ უფრო სჭირდებათ“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას ბოდიშს უხდის მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო. ამასთან, აღნიშნავს, რომ მას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა დაფიქრებისთვის და ახლა იცის, უკეთესად როგორ ემსახუროს საქართველოს. განცხადებას სააკაშვილი შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „მე დავბრუნდები“.