თაკო ჩარკვიანი - რუსეთში ბოსტნეული გადის, კონტეინერები და სადღაც საბაბს აძლევ მეზობელ ქვეყანას, რომ გაუჩნდეს ეჭვები
თაკო ჩარკვიანი - რუსეთში ბოსტნეული გადის, კონტეინერები და სადღაც საბაბს აძლევ მეზობელ ქვეყანას, რომ გაუჩნდეს ეჭვები

რუსეთში ბოსტნეული გადის, კონტეინერები და სადღაც საბაბს აძლევ მეზობელ ქვეყანას, რომ გაუჩნდეს ეჭვები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

ჩარკვიანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე“.

„ამას წინ უსწრებდა რძის პროდუქტებზე განახლებული ხელშეკრულება; საბაბს როდესაც აძლევ, ასეთ მდგომარეობაში, გენოციდის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას; ამბობ, სანქციებს არ უერთდები, იქ განახლებული პროდუქტებია; იქ, ნახეთ თქვენ, ბოსტნეული გადის და კონტეინერები და სადღაც ჩნდება რაღაც ეჭვი; უცებ გამოხტება საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ფრიად აქტიური წარმომადგენელი ხელისუფლებისა და არნახულ განცხადებას აკეთებს, ჩათვალეთ, რომ პუტინის ტიპის განცხადებას. შესაბამისად, საბაბს აძლევ შენ მეზობელ ქვეყანას, რომ მას გაუჩნდეს ეჭვები“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ უკრაინამ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები.

„უკრაინას მხეცური, ურდოს შემოსევა აქვს და შესაბამისად, მათთვის ყველა წერტილი მნიშვნელოვანია, საიდან რა შედის; აი, რაღაც კონტეინერი დაიძრა და ამიტომ, გულწრფელად ვპატიობ ამ შემთხვევაში ამ ტიპის განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე ბრალდებაა და დაველოდები, მოვთხოვთ მტკიცებულებებს, რადგან ისე მოღალატეობრივი პოზიციის დაბრალება არ შეიძლება; მაგრამ არც ჩვენმა ხელისუფლებამ, რომელიც უკიდეგანოდ სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს, არ უნდა მისცეს საბაბი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.