თაკო ჩარკვიანი - ოპოზიციას მიშა სჭირდება, თუ არ სჭირდება, ეს გადამწყვეტი არ არის
თაკო ჩარკვიანი - ოპოზიციას მიშა სჭირდება, თუ არ სჭირდება, ეს გადამწყვეტი არ არის

ოპოზიციას მიშა სჭირდება, თუ არ სჭირდება, ეს გადამწყვეტი არ არის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

„ოპოზიციას სჭირდება, არ სჭირდება მიშა, ეს გადამწყვეტი არ არის. თუ სურვილი აქვს და თუ მოუნდება, ამას გადაწყვეტს თავად ხალხი და სააკაშვილი. დავიწყოთ იმით, რომ ყველა ნიჭიერი ქართველი სჭირდება საქართველოს, მაგრამ რამდენად არის სამართლებრივად შესაძლებელი, ეს არის მეორე თემა.

ჩემი პოზიცია ასეთია, თუ ვამბობთ და ასეა, რომ ეს არის რეჟიმი ავტორიტარიზმის და ჯერ არჩევნები ვერ დაგვიბრუნებია, კარგი, ნიჭიერი კაცი, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ჩამოიყვანო და დააჭერინო, ჩემთვის არ არის სწორი. რაც შეეხება სჭირდება თუ არ სჭირდება რომელიღაც პოლიტიკოსი პროცესს, ამას ხალხი დაამტკიცებს და მათი სურვილი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, ოპოზიცია აქციებს იმიტომ მართავს, რომ „ხელისუფლება სამართლებრივ მოქმედებაზე წამოიყვანოს“.

„ჩვენ გარკვევით ვთქვით, რომ არასამართლებრივ მოქმედებაში არ ვაპირებთ შესვლას, ვიმოქმედებთ სამართლებრივად. გვინდა, რომ ხელისუფლება წამოვიყვანოთ სამართლებრივ მოქმედებაზე, დავათმობინოთ, გვინდა ის შეასრულოს, რაც ჩვენ შევთავაზეთ. ამიტომ ვაკეთებთ ამ აქციებს და არა იმიტომ, რომ სადღაც შევვარდეთ. ეს რომ გვდომოდა, პროკურატურასა და სასამართლოში კი არ შევიტანდით სარჩელს, მაგრამ ნახეთ, რა ხდება. ჩვენ შეგვაქვს სასამართლოში სარჩელი და სასამართლო არ იღებს, გვახვედრებს კედელს, შეგვაქვს პროკურატურაში, პასუხი არ არის. შესაბამისად, უკვე ისმის კითხვა, არასამართლებრივ მოქმედებაში თავად ხომ არ შედის ხელისუფლება, თუ შედის და თუ დამტკიცდება სახელმწიფოს მიტაცება, მითხარით მაშინ, ყველა დასავლელ პარტნიორს ვკითხავ, თუკი მათი სახელმწიფო მიტაცებული იქნება, რა ბერკეტი დარჩება ხალხს, რით დაიცვას საკუთარი სახელმწიფო?!“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.