თაკო ჩარკვიანი - მიხეილ სააკაშვილმა არც თუ ისე უჭკუო პოლიტიკური სვლა გააკეთა და თავის ამომრჩეველს გამოკვეთილად უთხრა - გაემიჯნეთ ბოკერიას
თაკო ჩარკვიანი - მიხეილ სააკაშვილმა არც თუ ისე უჭკუო პოლიტიკური სვლა გააკეთა და თავის ამომრჩეველს გამოკვეთილად უთხრა - გაემიჯნეთ ბოკერიას

მიხეილ სააკაშვილმა არც თუ ისე უჭკუო პოლიტიკური სვლა გააკეთა და თავის ამომრჩეველს გამოკვეთილად უთხრა – გაემიჯნეთ ბოკერიას, – ამის შესახებ ოპოზიციური გაერთიანება „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. 

„მან უკან გაიყვანა თავისი 400 000 ამომრჩეველი, 2016 წლის მონაცემებს ვამბობ. მე მივიღე, რომ ეს იყო პოლიტიკური სვლა და არც თუ ისე უჭკუო სვლა. მინდა, გითხრათ, ეს იყო ძალიან მიზანმიმართული, პოლიტიკურად გამართლებული სვლა. ეს რაღაცები მორალურად რამდენად მომწონს, აბსოლუტურად სხვა თემაა. უბრალოდ, არ შემიძლია ასეთი განცხადების გაკეთება, თორემ რომ გითხრათ, რომ არ მივხვდი, რა გააკეთა და მის ძლიერ პოლიტიკურ ნაბიჯს არ ვამართლებ, არა. აქ ანდრია გვიდიანმა თქვა, გიჟიაო. ეს კი, გიჟის საქციელს სულ არ ჰგავდა. ეს ძალიან ჭკვიანი, ეშმაკი და გამოცდილი პოლიტიკოსის საქციელი იყო“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიაზე 29 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, მას გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს. მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული.