თაკო ჩარკვიანი - მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად 107 000 ადამიანი არ გამოცხადდება, მაგრამ ნახევარიც რომ მოვიდეს, ხომ არის საოცრება?!
თაკო ჩარკვიანი - მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად 107 000 ადამიანი არ გამოცხადდება, მაგრამ ნახევარიც რომ მოვიდეს, ხომ არის საოცრება?!

ჩემი ინფორმაციით ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოდის და ახლა, ასი პროცენტით თვითონ არის ამაში დარწმუნებული, – ასე უპასუხა „კანონი და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, უშვებს თუ არა იმის ალბათობას, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, არ ჩამოვიდეს და რა გზავნილი იქნება ეს იმ შემთხვევაში, თუ არ ჩამოვიდა.

„რა ვიცი, რა გზავნილი უნდა იყოს, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადავაბაროთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვას, უმჯობესია თუ არა, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს, თაკო ჩარკვიანმა შეკითხვითვე უპასუხა – „რომელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს და ვინ წარდგეს საერთოდ, რომელი მოქალაქე? მოქალაქეები შოკში ვართ, რა ფაილებსაც ვისმენთ და რა მდგომარეობაშიც მართლმსაჯულებაა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, ქვეყანაში არსებობს 700 000 მოქალაქე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ემხრობა და ვინაიდან ასეთი პრეცედენტი შედგა, სააკაშვილს უნდა მიეცეს შემოსვლის უფლება და კოალიციურმა მთავრობამ რეფორმირებული პროკურატურის წინაშე დადოს სააკაშვილის, ღარიბაშვილის, გახარიასა და სხვების ქეისები.

შეკითხვაზე, რამდენად ემთხვევა ერთმანეთს სააკაშვილის ბოლოდროინდელი გზავნილები, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს პულსი არ ესინჯებათ და ოპოზიციის სტრატეგია, რომ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს და კოალიციური მმართველობა მოვიდეს, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ თავად კოალიციურ მთავრობას ემხრობა, მაგრამ ოპოზიციური პარტიები გამარჯვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებენ, თუ მათთან ერთად იქნება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა მნიშვნელოვანი თემა საერთოდ არ არის და მისი ჩამოსვლა პოლიტიკურ პროცესებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის დაანონსებამ საქმე უკვე გააკეთა, რადგან სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის გავლენა ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ოპოზიციისთვის, რომ ტემპერატურა აწეულიყო და ამომრჩეველში ნიჰილიზმი მოხსნილიყო.

შეკითხვაზე, რამდენი ადამიანის შეკრებას და წაყვანას გეგმავს აეროპორტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად, რადგან როგორც თავად აცხადებს, ორგანიზაციაში 107 000 ადამიანი დარეგისტრირდა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, სააკაშვილის დასახვედრად 107 000 ადამიანი არ გამოცხადდება, მაგრამ ანალიტიკოსთა პროგნოზით, ამ რიცხვის ნახევარი მივა.

„ნახევარიც რომ მოვიდეს, როგორ წარმოგიდგენიათ, ეს რა არის, ხომ არის საოცრება?!“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ გეგმავს ამდენი ადამიანის განლაგებას და უშვებს თუ არა ექსცესების ალბათობას, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ამას ვერც ერთი ორგანიზაცია ვერაფრით ვერ გააკონტროლებს.

„ვიღაცები გაწევრიანდნენ და ვიღაცები თავისით მოდიან. მისი მომხრეების რაოდენობა წარმოიდგინეთ. ჩვენ ხომ არ ვაკონტროლებთ ყველაფერს?! ამიტომ ვუთხარი გომელაურს, რას შვებით მეთქი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

„კანონი და სამართლის” ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება.

ჩარკვიანმა ასევე განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა ძალიან ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა, როცა ახსენა ფრაზა – მოქალაქეებს შორის დაპირისპირება.

„მან ძალიან უხერხული რამ თქვა და ასეთი რამ საერთოდ არც ერთმა პრემიერმა არ უნდა გააკეთოს. შეიძლება, ის ჩემთვის არ არის კარგი პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ ის საქართველოს პრემიერ-მინისტრია და არა ერთი ჯგუფის. ასე იოლად არ უნდა ისროლოს ფრაზა – მოქალაქეებს შორის დაპირისპირება. ეს რას ნიშნავს?“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.