თაკო ჩარკვიანი - იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე საუბარი, რომლებიც ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებოდნენ, ​სამნიძემ და დეკანოიძემ დაიწყეს, მათ დაასრულონ დაწყებული საქმე
თაკო ჩარკვიანი - იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე საუბარი, რომლებიც ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებოდნენ, ​სამნიძემ და დეკანოიძემ დაიწყეს, მათ დაასრულონ დაწყებული საქმე

მამუკა გამყრელიძის განცხადებამდე, მე მანამდე ეს მოვისმინე ხათუნა სამნიძისა და ხატია დეკანოიძისგან. ამ ვითარებაში ყველაზე უფრო პატიოსნად ის პოლიტიკოსი იქცეოდა, რომელიც მე ძალიან არ მესიმპატიურება და ეს არის ბოკერია, რომელმაც ღიად თქვა მაშინ, და მეც ვიცი, რომ იყო ასეთი შემთხვევები. არ გამოვიტანე ყველაფერი ეთერში. ერთი შემთხვევა იყო და ერთადერთ ადამიანზე შემიძლია, ეს ვთქვა. სხვა ოპოზიციონერებისგან ნამდვილად არ გამიგია, – ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა, როდესაც საუბრობდა, შესწრებია თუ არა შეხვედრას, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

თუ ვინ ეწინააღმდეგებოდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, თაკო ჩარკვიანმა კონკრეტული გვარისა და პარტიის დასახელებისგან თავი შეიკავა. ამასთან, განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ სტატუსის მიღების მოწინააღმდეგე არავინ ყოფილა.

„მე არ ჩავთვალე საჭიროდ, მით უმეტეს, სტატუსის მიღების წინ, ჩვენ იმდენად შევიკარით ყველა ოპოზიციონერი, მაშინ ხათუნა სამნიძემაც რომ თქვა, მე მოვერიდე და არ მივიჩნიე სწორად, რომ ამაზე უნდა მესაუბრა, ვინაიდან ოპოზიციონერების მხრიდან ეს იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა და სხვებისგან არ მსმენია. რადგან გადავწყვიტე, რომ არ ვთქვი, მაშინ ბოლომდე არ ვიტყვი. მერე რაღაცნაირად შეიცვალეს სასწრაფოდ პოზიცია, თავი გაიმართლეს, რომ არა, ჩვენ ამის თქმა ასე არ გვინდოდა, ამიტომ, მოდი, ვაპატიოთ, რადგან შეცვალეს პოზიცია, თქვეს, რომ ეს შემთხვევით მოგვივიდა, თორემ ჩვენ არ გვინდოდა, ასე გვეთქვა. მიხარია, ეს სისულელე თუ შემთხვევით მოუვიდათ ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც მე მარტო არ ვიყავი, ათი-თორმეტი ადამიანი მაინც იყო. თუ რაიმე შეხვედრა მქონია, თქვენ იცით, მე რაც ვიმუშავე კბილებით იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე საქართველომ სტატუსი მიიღოს, ეს არის ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობიდან“, პირიქით, ყველა ძალიან მონდომებული იყო“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა „ლელოს“ იმ ოპოზიციური პარტიების რიგებიდან, რომლის წარმომადგენელიც სტატუსის მიღების წინააღმდეგი იყო, ჩარკვიანმა განაცხადა: „არა, არ გამოვრიცხავ“.

„არ მინდა ამაზე საუბარი. ხათუნა სამნიძემ ​და ხატია დეკანოიძემ ისაუბრონ, მათ დაიწყეს და გასცენ პასუხი. მათ ძალიან კარგად იციან ეს ყველაფერი და მე რატომ ვთქვა? თუკი ვინმე გონს მოვიდა მერე, რადგან პარტია ერთ ადამიანს არ წარმოადგენს, ხომ? სხვებიც არიან, ამიტომ დავინდოთ ის ადამიანები. იმ პარტიაში შეიძლება სხვებიც სხვაგვარად ფიქრობენ. რადგან სამნიძემ და დეკანოიძემ დაიწყეს, დაასრულონ თავიანთი დაწყებული საქმე, თან ხატია საკმაოდ ახლოს არის „ლელოსთან“ და რადგან „იკისრა“ და გამოიტანა ეთერში ეს ყველაფერი თავის დროზე, დაასრულონ თავიანთი დაწყებული საქმე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.