თაკო ჩარკვიანი - შიმშილობას შედეგი უნდა ჰქონდეს, თუ არადა, ჩვენც შევუერთდებით, სახელმწიფო მიტაცებულია და მისი დაბრუნების ერთადერთი ფორმაა ჯანყი
თაკო ჩარკვიანი - შიმშილობას შედეგი უნდა ჰქონდეს, თუ არადა, ჩვენც შევუერთდებით, სახელმწიფო მიტაცებულია და მისი დაბრუნების ერთადერთი ფორმაა ჯანყი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, მისივე თქმით, სახელმწიფო არის მიტაცებული და ერთადერთი ფორმა, რითაც შეიძლება, სახელმწიფო დაიბრუნო, არის ამბოხი, ჯანყი.

„ელენე ხოშტარიას პროტესტს მივესალმები, უფრო მეტიც, ეს არის ძალიან ვაჟკაცური და სწორი გადაწყვეტილება. ამ ყველაფერს შედეგი უნდა ჰქონდეს. გააჩნია, პროცესი როგორ გაგრძელდება. თუ არადა, ჩვენც შევუერთდებით და ეგ იქნება. სახელმწიფო არის მიტაცებული და რა ფორმაა ის, რითაც შეიძლება, სახელმწიფო დაიბრუნო? – ეს არის ერთადერთი ამბოხი, ჯანყი. ამ სიტყვის ძალიან ეშინიათ, სუსი-ს განცხადება ვნახე და სუს-ი კონვენციას ეწინააღმდეგება, რადგან კონვენციით მონიჭებული უფლებაა, კონვენციაში ასე წერია – ჯანყის უფლება. ეს არის არა შეიარაღება, არამედ დიდი რაოდენობის ხალხი სხვადასხვა ლოკაციაზე, არგაჩერება და პერმანენტული აქციები. ეს არის, რითაც შეიძლება, მიტაცებული სახელმწიფო დაიბრუნო.

ბევრი ვიცით, ვინც მულტიფუნქციურ კლინიკებში გადაიყვანეს – მაღალჩინოსნების ნათესავები. მესამე პრეზიდენტს თანმდევი დაავადება აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდად არის შეფასებული, ორი დღის წინ ვნახე და რომ ნახავთ, მიხვდებით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგად. ის არ გადაჰყავთ ნორმალურ კლინკაში და ციხის კლინიკაში შესაბამისი სერვისები არ არის. ეს არის წამების ფორმა, მაგალითად, ფანჯრების ამოქოლვა. კულტურის მინისტრს კულტურაში რომ ეშლება, არ მიკვირს, მაგრამ სამართლებრივად რომ ეშლება, ეს არის გასაკვირი. როცა ადამიანს ფანჯრებს ჯერ ამოუქოლავ და შემდეგ ეუბნები, იმ ფანჯრებიდან გამოიხედე, ეს არის წამების თანამონაწილეობა. ეს არის წამების ფორმა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ შესაძლოა, შიმშილობა თავადაც დაიწყოს.

„რა თქმა უნდა, ხალხო, ყველას შიმშილობას ვიხილავთ, თუ ვნახეთ, რომ მომაკვდავი ადამიანი არ გადაჰყავთ მულტიფუნქციურ კლინიკაში, ეს ყველაფერი გართულდება. აბა, რა იქნება? ალბათ, გამოვალთ, გარეთ პარლამენტთან დავსხდებით და იქ უკვე ეს სხვა ფორმას მიიღებს, შეიძლება, მჯდომარე აქცია იყოს. ინფორმაცია მაქვს, რომ უნდა გადაიყვანონ. ვიცი, რომ ხელისუფლებაში უფრო ჭკუათმპყრობელები აღმოჩნდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტი კერძო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. ხალხო, რას ვითხოვთ, რა სირცხვილში ვართ? ამას „იმისტობა“ და „ამისტობა“ არ სჭირდება, რომ სამუდამოდ არ დაგვერქვას პრეზიდენტთა მკვლელთა ქვეყანა“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

გარდა ამისა, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან არც ელოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების კუთხით რაიმე ნაბიჯს გადადგამდა. ჩარკვიანის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი მარიონეტია.

„სალომე ზურაბიშვილისგან არ ველოდი განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, რადგან ამ ქალბატონს გაცხადებული აქვს საქართველოს საწინააღმდეგო განცხადება, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ბომბავდა მძინარე ცხინვალს. ამის საწინააღმდეგოს ვამბობდი მუდამ, რომ ეს არის ტყული და მავნებლობა. დადასტურდა და სტრასბურგმა თქვა, რომ ეს არის სიცრუე, საქართველოს ომი არ დაუწყია. ამ სახის განცხადების გამკეთებელი ქალბატონისგან არ ველოდი, რომ რაიმე ნაბიჯს გადადგამდა, ის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე არ არის, ჩვეულებრივი მარიონეტია“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს და მხოლოდ წყალს მიიღებს. მისივე თქმით, მანამდე იშიმშილებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

დატოვე კომენტარი