თაკო ჩარკვიანი - ახლა უპირველესი მოთხოვნაა არა ვადამდელი არჩევნები, არამედ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი წარსდგეს რეფორმირებულ სასამართლოში, რომელსაც დაესწრებიან დასავლელი კონსულტანტები
თაკო ჩარკვიანი - ახლა უპირველესი მოთხოვნაა არა ვადამდელი არჩევნები, არამედ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი წარსდგეს რეფორმირებულ სასამართლოში, რომელსაც დაესწრებიან დასავლელი კონსულტანტები

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ახლა უპირველესი მოთხოვნა არის არა ვადამდელი არჩევნები, არამედ ციხეში მყოფი და მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის სამართლიანი სასამართლო პროცესის დანიშვნა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, პროტესტი გამართლებულია, რადგან არსებულ პირობებში არჩევნების ჩატარება აღარ შეიძლება.

„ხალხნო, სირცხვილია 21-ე საუკუნეა და არ არის ეს ნორმალური, რაღაცას ჩვენც უნდა დავემსგავსოთ. ხალხის ნება გამოხატულია, თუ არ არის გამოხატული, ეს მხოლოდ ჯანმრთელი, ნორმალურად ჩატარებული არჩევნების პირობებში ჩანს. შეუძლებელია, ადამიანები გადააქციონ ქვის მსროლელებად, აუტანელია, არ შეიძლება ამის გაკეთება. ახლა უპირველესი ჩვენი მოთხოვნა არის არა ვადამდელი არჩევნები, ჩემთვის პირადად, ამ წამს, როდესაც მესამე პრეზიდენტი არის ციხეში, შიმშილობს და იხვეწება ადამიანი, რომ სასამართლო დანიშნეთო, ჩვენ ვამბობთ, რომ გამოვაყენებინოთ მას ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი, სადაც წერია, რომ რეფორმირებული სასამართლოს წინაშე წარსდგეს. დაიდოს მისი ქეისი, არ გვაინტერესებს, რა წერია? არ გვაინტერესებს, რა არის აზელილი ერთმანეთში ტყუილ-მართალში? რატომ ეშინია ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის ქეისის გახსნის. სიმართლის თუ არ ეშინიათ, მაშინ ჩვენ ვთავაზობთ, რომ რეფორმირებული მართლმასჯულების წინაშე სასამართლო დაინიშნოს, რომელსაც დაესწრებიან დასავლელი კონსულტანტები, როგორც წესი და რიგია, რატომ ეშინიათ ამის გაკეთება? რას ნიშნავს ეს ცინიკური გამოსვლები? არ განვიხილავ, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, როგორც მოქალაქე, არ მსიამოვნებს თეა წულუკიანის ეს ცინიზმი ამოქოლილ ფანჯრებთან რომ ეუბნება, პრეზიდენტს გამოიხედეო, არ მომწონს მდინარაძის გამოსვლა, რომ 40 დღე ვერ ძლებენ და 41-ე დღეს ავმუშავდებით. არ შეიძლება, ეს ცინიზმი საქართველოში უნდა დასრულდეს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებული არის იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც თავად აპროტესტებდა გირგვლიანის დროს.

„მე ახლაც ამ სასამართლოს ვაპროტესტებ, რა დააშავა ჩემნაირმა, მე მურუსიძეს ვაპროტესტებდი, რომელიც რიგითი იყო და ამათ ის მურუსიძე დააწინაურეს. მიხეილ სააკაშვილი ამ მურუსიძის სასამართლოს მიერ არის მსჯავრდებული. ამიტომ ვაპირებდით შეცვლას, განა სააკაშვილის აყვავებული მშენებლობები არ მოგვწონდა, ჩვენ არ მოგვწონდა არარეფორმირებული მართლმსაჯულება, თორემ ის კაცი სახელმწიფო ინსტიტუციებს ბრწყინვალედ აშენებდა. ამათ მოსპეს ის სახელმწიფო ინსტიტუციები და ბელარუსის უშიშროებასთან დებენ ხელშეკრულებას, სირცხვილია. დღეს უკვე მდარე რუსული ესტრადის სიმღერა მიკვირს ოკუპირებულ საქართველოში. სირცხვილია, საით მივაქანებთ ქვეყანას, ჩვენს შვილებს რას ვეუბნებით. სირცხვილია, ღარიბაშვილი გვყავდეს პრემიერ-მინისტრად. რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, რომ მესამე პრეზიდენტი გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში. მე გუშინ ვიყავი მის სანახავად, მერწმუნეთ, არ გამოიყურება კარგად, მისი სავარაუდო განადგურება, გარდა პიროვნული ტრაგედიისა, დიდი უბედურება და ტვირთი იქნება მთელი ქვეყნისთვის, ვერაფრით ვერ გადაიტანს ამ ტვირთს ქვეყანა, ვიღაც ბეცს და პოლიტიკურად უმწიფარს შეიძლება, არ სჯერა, მაგრამ ჩვენ ხომ არ შეიძლება ამ უმწიფრობის გამო ექსპერიმენტი ვატაროთ ჩვენს ქვეყანაზე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.