თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ნიკა მელია ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობით“ ივაჭროს, მამუკა ხაზარაძემ კი შესაძლოა, ეს გამოიყენოს
თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ნიკა მელია ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობით“ ივაჭროს, მამუკა ხაზარაძემ კი შესაძლოა, ეს გამოიყენოს

ნიკა მელიამ დააპირა, კარგად ევაჭრა „ნაციონალური მოძრაობით“. მის მომხრეებს, განსაკუთრებით, ქალბატონებს, ნებსით თუ უნებლიეთ, ეგონათ, იცავდნენ მიშას მომხრე ნიკანორ მელიას. სინამდვილეში, ისინი იცავდნენ კარგად მოვაჭრე  ნიკანორ მელიას. ეს არის სიმართლე, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა აჭარის მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, ნიკა მელია ცდილობს, პარტიით ივაჭროს.

თაკო ჩარკვიანს „აჭარის მაუწყებლის“ ეთერში კითხვა დაუსვეს, თუ სმენია ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ჩაგდება სურს მამუკა ხაზარაძეს.

„მსმენია ამაზე. ტყუილი ჩემს სიცოცხლეში არ მითქვამს. არ ვამბობ ხელში ჩაგდებას, ასეთ ინტერპრეტაციას არ გავაკეთებდი, რადგან არ მიყვარს, ადამიანს ასე დავაბრალო რამე. ეს არის პოლიტიკური სვლები და ცუდი პოლიტიკური სვლა, რასაც ჰქვია ნიკა მელიას მიერ პარტიის გაყიდვა. თვალსა და ხელს შუა გაყიდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ვიღაცამ, ოპონენტმა მით უმეტეს, თუ ის ბიზნესშია და ასეთი ტვინი აქვს, შეიძლება, ეს სვლა გამოიყენოს და ისარგებლოს. მოვისმინე მამუკა ხაზარაძის განცხადება, სხვათა შორის, ასეთი ღია განცხადება არასდროს მსმენია, ჩამაბარეთ ხელისუფლება და ქვეყანას შვეიცარიად ვაქცევო. ასე ღიად არ მომისმენია მამუკასგან ასეთი განცხადება. მელია არსად წასვლას არ აპირებდა. მაგათი გეგმა იყო, ეთქვათ, აქეთ ჩვენ ვართ და იქით მერაბიშვილიო. მერაბიშვილის გადემონიზება, რომელიც რვა წელიწადი იჯდა, იოლია. შესაბამისად, გამოიყენეს. ეს არის შიდა ომები. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ გამოეყენებინა და კარგად ევაჭრა ოპოზიციაში მყოფ რამდენიმე ლიდერთან, ამის გაკეთებას აპირებდა. კარგად იცის, რომ პრემიერად ვერასდროს დასახელდებოდა. ამიტომ დააპირა, კარგად ევაჭრა „ნაციონალური მოძრაობით“. მისი მომხრეებს, განსაკუთრებით ქალბატონებს, ნებსით თუ უნებლიეთ, ეგონათ, რომ იცავდნენ მიშას მომხრე ნიკანორ მელიას. სინამდვილეში, ისინი იცავდნენ კარგად მოვაჭრე  ნიკანორ მელიას. ეს არის სიმართლე“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არიან თუ არა ერთ მხარეს მამუკა ხაზარაძე და ნიკა მელია, ჩარკვიანი პასუხობს, რომ აღნიშნული ინიციატივა მელიასგან მომდინარეობდა.

„მე არ მითქვამს, რომ  ეს ხაზარაძისგან მოდიოდა, ვთქვი, რომ მომდინარეობდა მელიადან. დიახ, მელიას სურვილი ეს იყო. ხაზარაძეს ვერაფრით გავამტყუნებდი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.