ტაჯიკეთის პრეზიდენტი - საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება, ცენტრალურ თემას წარმოადგენდა ეკონომიკური თანამშრომლობა
ტაჯიკეთის პრეზიდენტი - საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება, ცენტრალურ თემას წარმოადგენდა ეკონომიკური თანამშრომლობა

მოლაპარაკებების ცენტრალურ თემას წარმოადგენდა ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. დაინტერესებული ვართ, ორმხრივი ნაბიჯებით კიდევ უფრო მეტად გავამდიდროთ ეკონომიკური ურთიერთობა, – ამის შესახებ ტაჯიკეთის პრეზიდენტმა, ემომალი რახმონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები.

„დეტალურად განვიხილეთ არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ამავდროულად, გავცვალეთ მოსაზრებები თემატურ, აქტუალურ საკითხებზე, საერთაშორისო თანამშრომლობაზე. პატივცემული პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი იქნა დოკუმენტი, რომელიც გააძლიერებს საკანონმდებლო ბაზას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობითი ურთიერთობებისთვის. ეს დოკუმენტი მოიცავს საჰაერო კომუნიკაციას, სასოფლო-სამეურნეო დარგებს, ტურიზმს, ასევე მეცნიერებას, განათლებას, კულტურას, სპორტს, კლიმატის ცვლილებებსა და სხვა საკითხებს. მოლაპარაკების დროს ხაზი გავუსვით, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება, ასევე განვიხილეთ სხვადასხვა სახის სამუშაო კონტაქტები სხვადასხვა დონეზე, საპარლამენტო ურთიერთობები, დეპუტატთა როლის გაძლიერება ორ ქვეყანას შორი ურთიერთობებში.  მოლაპარაკებების ცენტრალურ თემას წარმოადგენდა ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. დაინტერესებული ვართ, ორმხრივი ნაბიჯებით კიდევ უფრო მეტად გავამდიდროთ ეკონომიკური ურთიერთობა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას, რაც ჩვენი მოლაპარაკების ცენტრალურ საკითხს წარმოადგენდა. ორივე ქვეყანას უდიდესი შესაძლებლობები აქვს და ხაზგასმული იქნა ამ შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენების აუცილებლობა. ამ კონტექსტში გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ტაჯიკეთი დაინტერესებულია თანამშრომლობის გაფართოებით მწვანე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ასევე მრეწველობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საკითხებით. ამაში ასევე შედის ხელოვნური ინტელექტიც. ამ მიმართულებით გამოვხატეთ მზაობა, დავიწყოთ თანამშრომლობა იმ სფეროებში, რაც ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს. ამისთვის ჩვენ პრაქტიკულ ზომებს მივიღებთ. მსუბუქი მრეწველობა, სურსათი, სამთო მეურნეობა, ასევე ფარმაცევტული სფეროები, სოფლის მეურნეობა გამოვლინდა, როგორც ინტერესის საგანი. მხარს ვუჭერთ სატრანზიტო და სატრანსპორტო სექტორში კავშირების გაღრმავებას, ასევე სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ჯანდაცვის მიმართულებით. დღეს ერთობლივი სამთავრობოთაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება და ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა დოკუმენტს. გვჯერა, ამ კომისიის საქმიანობა მართლაც ყოვლისმომცველ დახმარებას უზრუნველყოფს იმაში, რომ პრაქტიკული ღონისძიებები იქნეს განხორციელებული და ზემოხსენებული ასპექტები განხორციელდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში“, – განაცხადა ემომალი რახმონმა.

როგორც ტაჯიკეთის პრეზიდენტმა თქვა, საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო-ტაჯიკეთს შორის კონსტრუქციული დიალოგი.

„განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში კავშირების გაღრმავებას, რაც მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ჩვენი მეგობრობის გაძლიერებისა და ორი ქვეყნის ხალხს შორის ურთიერთგაგების ხელშესაწყობად. ამ მიმართებით, მივესალმებით კავშირების გააქტიურებას ისეთ სექტორებში, როგორებიც არის განათლება, მეცნიერება, კულტურა, ახალგაზრდული საქმეები და სპორტი. აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ვიზიტის ფარგლებში პატივცემულმა პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პოეტისა და მწერლის, ქართველი კლასიკური ლიტერატურის წარმომადგენლის, შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნაში. დუშანბეში იქნება ახალი ქუჩა, რომელსაც ეწოდება რუსთაველის სახელი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირები გაძლიერდეს. ხაზი გავუსვით, რამდენად მნიშვნელოვანია კონსტრუქციული დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე განვიხილეთ თანამშრომლობა სხვადასხვა ინსტიტუციას შორის. ამ მხრივ, ორივე ქვეყნის ინტერესში შედის, რომ გაგრძელდეს ორი ქვეყნის დადებითი გამოცდილება საერთაშორისო ფორუმებზე, როგორებიც არის, მაგალითად, გაერო და სპეციალიზებული სააგენტოები. ტაჯიკეთი კმაყოფილებას გამოხატავს საქართველოსთან თანამშრომლობაზე მიმდინარე საერთაშორისო საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გლობალური დღის წესრიგის წინ წაწევას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა წყალი და კლიმატი. ხაზი გავუსვით, რამდენად საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება, რათა შემსუბუქდეს გარემოზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ეფექტი. უსაფრთხოების სექტორში განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიც არის წინააღმდეგობა არსებული საფრთხეების მიმართ. დასკვნის სახით, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ შეთანხმებები, რომლებიც დღევანდელ შეხვედრებზე იქნა მიღწეული, ნამდვილად უზრუნველყოფს პერსპექტივას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები განვითარდეს. ტაჯიკეთი ძალიან აფასებს მოლაპარაკებების შედეგებს, რომელიც გაიმართა კონსტრუქციული და ორმხრივი გაგების გარემოში. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ნამდვილად მისასალმებელია ყველა სფეროში. დარწმუნებული ვარ, დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის საფუძველს, რომ შემდგომში სტრატეგიულად უფრო განვითარდეს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.