თაჯან ილდემი - დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ნატო-საქართველოს პარტნიორობა იმაზე მტკიცეა, ვიდრე ოდესმე
თაჯან ილდემი - დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ნატო-საქართველოს პარტნიორობა იმაზე მტკიცეა, ვიდრე ოდესმე

შეგვიძლია, დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ ნატო-საქართველოს პარტნიორობა იმაზე მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, ნატო-ს მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, – ამის შესახებ სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ, თაჯან ილდემიმ განაცხადა.

თაჯან ილდემმა სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმის მონაწილეებს ვიდემიმართვა გამოუგზავნა, რომელშიც ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„გამორჩეული პატივია ჩემთვის, მივმართო სტრატეგიული კომუნიკაციის ფორუმის მონაწილეებს ამ ვიდეომესიჯით, ორი კვირის წინ მშვენიერ ქალაქ თბილისში ვიზიტის შემდეგ. აღნიშნული ვიზიტის დროს მქონდა პატივი, შევხვედროდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას. ორივე შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ რიგი საკითხები. პირველ რიგში, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ივლისში გამართული ბრიუსელის სამიტის შედეგები. საუბარი ასევე შეეხო საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით აქტივობების გაძლიერებას. ნატო-ს მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ბრიუსელის სამიტის შეხვედრაზე ყველა მოკავშირე, 29 სახელმწიფოს ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ეს შეესაბამება იმ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. მათ ასევე კიდევ ერთხელ ცალსახად დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად, რათა მოვამზადოთ საქართველო წევრობისთვის”, – განაცხადა თაჯან ილდემიმ.

მისივე თქმით, საქართველომ შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის, ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის უფრო ეფექტიანი ინსტიტუტების და შეიარაღებული ძალების მოდერნიზების მიმართულებით.

„მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსი კვლავ რჩება ამ რეფორმების სრულ იმპლემენტაციაზე. მეორე მხრივ, საქართველოს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა, დახმარება ნატო-ს მხრიდან და აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვითი მიმართულებით რეფორმების მხარდაჭერის გაძლიერება, მათ შორის აღსანიშნავია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების ცენტრის თბილისის გარეთ. ეს ცენტრი ფუნქციონირებს, ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და მდგრადობას. უნდა გავიხსენოთ, თუ რამდენად უნიკალურია ნატო-ს ურთიერთობა საქართველოსთან. თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორი ნატო-ს ოპერაციებში. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოსი, იმ წვლილის გამო, რომელიც მიუძღვის „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ განხორციელებაში, ავღანეთში. ასევე მადლობას ვუხდით საქართველოს მისი კონტრიბუციისთვის შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის კუთხით, სადაც ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას. ველოდებით მომდევნო წლებში ნატო-საქართველოს წვრთნებს ფართო მოკავშირეობის მონაწილეობით. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ ნატო-საქართველოს პარტნიორობა იმაზე მტკიცეა, ვიდრე ოდესმე”, – აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ.

მისივე თქმით, ნატო აერთიანებს მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც იზიარებენ ერთნაირ ღირებულებებს, მოკავშირეები და პარტნიორები, თავიანთ დემოკრატიულ მთავრობებთან ერთად იღებენ პასუხისმგებლობას რომ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას თავიანთი საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის შესახებ, რათა ჰქონდეთ მათი მხარდაჭერა.

„ეს მხარდაჭერა თავისით არ მოდის. ის მოითხოვს მუდმივ და თავდადებულ ძალისხმევას, რათა გვქონდეს საზოგადოების მდგრადი მხარდაჭერა. ამას ვცდილობთ ნატო-ში. ჩვენთვის სტრატეგიული კომუნიკაცია არის საქმიანობის ძირითადი არეალი, რომელიც გვეხმარება, რომ კომუნიკაცია განვახორციელოთ როგორც ჩვენ შიდა აუდიტორიასთან, ასევე გლობალურ საზოგადოებასთან, ეფექტიანი გზებით. ამის გამო ჩვენ ვართ სანდო და ეს არის ის, რაზეც არასდროს ვიტყვით უარს, მაშინ როდესაც გვიპირისპირდება საინფორმაციო პროპაგანდა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებს, რომლის მიზანი არის ნატო-ში გაწევრიანება, აქვს ძლიერი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არ გჭირდებათ საზოგადოებასთან კომუნიკაცია და ინფორმირება ეფექტიანი გზებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან და ეს ძალისხმევა მიზნად ისახავს სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერებას. მისასალმებელია პარლამენტის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს მისი მხარდაჭერის ჩართვას არსებული სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებისათვის. ყველას გვჭირდება, რომ ჩვენი ნარატივი სწორად იყოს წარმოჩენილი საინფორმაციო სივრცეში, რათა ჩვენმა საზოგადოებებმა გაარჩიონ, რა არის სიმართლე, რა არის ყალბი და ჩვენმა პოტენციურმა მოწინააღმდეგეებმა გააანალიზონ, თუ რისთვის ვდგავართ. დასკვნის სახით, მინდა გამოვხატო კომპლიმენტები ამ ფორუმის ორგანიზატორების მიმართ და გისურვოთ ნაყოფიერი აზრთა გაცვლა-გამოცვლა განხილვების დროს”, – ნათქვამია თაჯან ილდემის ვიდეომიმართვაში.