თაჯან ილდემი - ნატო-ს წევრობისკენ საქართველოს მისწრაფებას ალიანსი მხარს ერთხმად უჭერს, საქართველოში ამ მკაფიო გზავნილით ჩამოვედი
თაჯან ილდემი - ნატო-ს წევრობისკენ საქართველოს მისწრაფებას ალიანსი მხარს ერთხმად უჭერს, საქართველოში ამ მკაფიო გზავნილით ჩამოვედი

ნატო-ს წევრობისკენ საქართველოს მისწრაფებას ალიანსი მხარს ერთხმად უჭერს. საქართველოში ამ მკაფიო გზავნილით ჩამოვედი, – ეს განცხადება სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ თაჯან ილდემიმ ნატო-ს ფორუმზე გააკეთა.

მისი თქმით, ნატო-ს დასაძლევი აქვს ისეთი გამოწვევა, როგორიც დეზინფორმაცია და პროპაგანდაა.

„გარკვეული გამოწვევები, როგორიც დეზინფორმაცია და პროპაგანდაა, დასაძლევი გვაქვს. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ამ ყველა გამოწვევის პირდაპირი სამიზნეა. დღეს აქ ვარ და თქვენთვის მკაფიო გზავნილი მაქვს. ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში ნატო-ს წევრობისკენ საქართველოს მისწრაფებას ალიანსი მხარს ერთხმად უჭერს. მინისტერიალზე ასევე აღინიშნა რეფორმების პოზიტიური ტენდენცია და დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც საქართველომ განიცადა. ასევე ნატო და მინისტერიალი საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს აღიარებულ საზღვრებში ხაზგასმით მხარს უჭერს.

ნატო-ს ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობა განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნო. ჩვენ ისევ ერთგულად ვასრულებთ და ვიცავთ ჩვენს აღებულ ვალდებულებას მეტი საქართველო ნატო-ში და მეტი ნატო საქართველოში”,- განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ.

თაჯან ილდემმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ალიანსისთვის შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ის ხუთი საკითხი გამოყო, რომელზეც ალიანსის წევრი სახელმწიფოები ბრიუსელში ნატო-ს დაგეგმილ მინისტერიალზე ზაფხულში იმსჯელებენ.

„ბრიუსელის სამიტი იმ ვალდებულებების განხორციელების საკითხზე იქნება, რომელიც ვარშავისა და უელსის სამიტების დროს იყო აღებული. ბრიუსელის სამიტისთვის ხუთი მთავარი თემაა იდენტიფიცირებული. პირველი- ჩვენი თავდაცვა და შეკავება როგორ გავაძლიეროთ და მზაობის დონე როგორ ავამაღლოთ. მეორე – ჩვენს რეგიონებში სტაბილურობა როგორ ვუზრუნველყოთ, კონკრეტულად ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით.

მესამე – ალიანსის მოდერნიზაცია, ახალი სამეთაურო სტრუქტურა, შემდგომი ინსტიტუციური ადაპტაცია და ნატოს შტაბბინის ფუნქციონალური გადახედვა, რომელიც ორგანიზაციის მიერ მიზნების მიღწევის მთავარი ქვაკუთხედი შეიძლება იყოს. მეოთხე – ევროკავშირის და ნატოს თანამშრომლობაა. არსებითი მნიშვნელობისაა, რომ ეს მომენტი ხელიდან არ გავუშვათ.

მომდევნო სამიტის დროს ბატონი ტუსკი და ბატონი იუნკერი ევროკავშირის პრეზიდენტები, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი შეთანხმდნენ და ხელს ნატო-ევროკავშირის ახალ დეკლარაციას მოაწერენ. ეს საერთო ძალისხმევა ტვირთის გადანაწილების კარგი ფორმატი იქნება.

მეხუთე – ჩვენი ლიდერები ტვირთის გადანაწილებაზე ისაუბრებენ. ტვირთის სამართლიანი გადანაწილება იმ ყველაფრის საფუძველი და ფუნდამენტია, რაც ნატო-ს ფარგლებში კეთდება. ჩვენ ამ მიმართულებით დიდ პროგრესსაც მივაღწიეთ”,- განაცხადა ილდემმა.

მისივე თქმით, რუსეთის ქმედებების პასუხად ნატო საკუთარ წარმომადგენლობას ადგილზე, შავი ზღვის რეგიონში და მათშორის საქართველოში ზრდის.

ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე დარწმუნებულია, რომ საქართველო ნატო-ს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება.

ნატო-სთვის სტაბილურობა შემდეგი თვეებისა და წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველო, რომელიც შესანიშნავი ოპერატიული გამოცდილების პარტნიორია, დარწმუნებული ვართ, რომ მზად იქნება და ამ პოლიტიკური პრიორიტეტის განხორციელებაში დაგვეხმარება.

საქართველო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ალიანსისთვის შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. რუსეთის ქმედებების პასუხად ჩვენ ნატო-ს წარმომადგენლობას ადგილზე, შავი ზღვის რეგიონში და მათშორის საქართველოში, ვზრდით. რეფორმების წინსვლა, ნატო-სთან და ევროკავშირთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერება და ყველა გამოწვევისადმი პრაგმატული გამკლავება, რომელიც ქვეყანას ეხება, საქართველო ამ ყველაფრით ევროკავშირისა და ნატო-ს ინტეგრაციისკენ სვლას აძლიერებს“,- აცხადებს თაჯან ილდემი.