ტაივანში აზიის მასშტაბით ყველაზე დიდი ლგბტ აღლუმი გაიმართა
ტაივანში აზიის მასშტაბით ყველაზე დიდი ლგბტ აღლუმი გაიმართა

ტაივანში აზიის მასშტაბით ყველაზე დიდი ლგბტ აღლუმი გაიმართა. დედაქალაქ ტაიბეის ცენტრალურ ნაწილში საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად ათობით ათასი აქტივისტი გამოვიდა. რის შემდეგაც მშვიდობიანი მანიფესტაცია სამ ნაწილად დაიყო.

ლგბტ აღლუმში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიის, ავსტრალიის, გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის, იტალიის, კანადის და სხვა ქვეყნების დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა. მანიფესტანტების გარკვეული ნაწილი ტაივანში სპეციალურად ლგბტ აღლუმზე დასასწრებად ჩაფრინდა.

ერთნაირსქესიანთა კავშირის ლეგალიზების შესახებ დებატები ტაივანში 2003 წლის შემდეგ მიმდინარეობს, როდესაც ხელისუფლება შესაბამისი ინიციტივით გამოვიდა. ამ ხნის განმავლობაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კუნძულოვან ქვეყანაში დემონსტრაციები ხშირად იმართებოდა.

2017 წელს ტაივანის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების სასარგებლოდ დადგენილება მიიღო. უზენაესი სასამართლოს საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყნის სამოქალაქო კოდექსში არსებული მუხლი, რომელშიც ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ კავშირად არის მოხსენებული, ტაივანის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კუნძულოვან სახელმწიფოში ნოემბერში რეფერენდუმი არის დაგეგმილი. ყოველწლიური მასშტაბური ლგბტ აღლუმის ფარგლებში კი აქტივისტებმა მოსახლეობას ერთნაირქსესიანთა ქორწინების სასარგებლოდ ხმის მიცემისკენ მოუწოდეს.

დატოვე კომენტარი