ტაივანის პრეზიდენტი თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის მზადყოფნას გამოთქვამს – „თავდაცვაში ინვესტირება მშვიდობაში ინვესტირებას ნიშნავს“
ტაივანის პრეზიდენტმა, ლაი ცინდემ განაცხადა, რომ ტაივანი მზად არის, გაზარდოს თავდაცვისუნარიანობა, რადგან თავდაცვაში ინვესტირება მშვიდობაში ინვესტირებას ნიშნავს.
მან დაადასტურა, რომ მომავალი წლისთვის თავდაცვის ხარჯები 16%-ით გაიზრდება და 31,4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. ტაივანის პრეზიდენტის განცხადებით, ეს მაჩვენებელი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე მეტია.
ლაი ცინდეს თქმით, „ეს აჩვენებს ტაივანის მტკიცე გადაწყვეტილებას, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები“.
„თავდაცვაში ინვესტირება მშვიდობაში ინვესტირებაა. ჩვენ განვაგრძობთ უფრო ძლიერი თავდაცვითი ძალის შექმნას, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტესა და რეგიონში“, – აღნიშნავს ტაივანის პრეზიდენტი.
ტაივანის მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს ოფიციალურად 20 აგვისტოს წარადგენს. მაშინ გახდება ცნობილი, კონკრეტულად რა მიმართულებებზე დაიხარჯება თავდაცვისთვის გამოყოფილი თანხები.
როგორც „როიტერი“ წერს, ტაივანის მთავრობისთვის სამხედრო მოდერნიზაცია მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტად იქცა ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის გამო. ჩინეთის არმია თითქმის ყოველდღიურად ახორციელებს მანევრებს ტაივანის გარშემო და პერიოდულად სამხედრო წვრთნებსაც ატარებს. ბოლოს მსგავსი წვრთნები დეკემბერში გაიმართა.