ცნობილმა ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა ტაისონ ფიურიმ (27-0-1, 19KO) ამერიკულ კომპანია „ტოპ რანკთან“ (Top Rank) კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოკრივე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატარებს ორთაბრძოლებს და რეპორტაჟები ტელეარხ „იესპიენზე“ (ESPN) გადაიცემა.
ბრიტანელის საქმეებს, კვლავინდებურად მენეჯერი ფრენკ უორენი წარუძღვება, მაგრამ, ამჯერად, ცნობილი პრომოუტერის ბობ არუმის კომპანიასთან ერთად.
ხელშეკრულება ითვალისწინებს წელიწადში მინიმუმ ორ ბრძოლას აშშ-ის ტერიტორიაზე, თუმცა, შესაძლებელია ამ ციფრის კორექტირება გარემოებებიდან გამომდინარე.
„ფიურის გარიგება ტელეკომპანია „იესპიენთან“ 103 მილიონ დოლარს შეადგენს“, – იტყობინება BBC.
ამ გარიგების შემდეგ, კრივის მოყვარულებს გაუჩნდათ კითხვა – რამდენად მოხერხდება მატჩრევანში „ვისიბის“ (WBC) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონთან, ამერიკელ დეონტეი უაილდერთან (40-0-1, 39KO), რომელიც თანამშრომლობს მენეჯერ ელ ჰეიმონთან. „ტოპ რანკის“ დამფუძნებელს ბობ არუმს ჰეიმონის ატანა არ აქვს და რთული წარმოსადგენია, როგორ შეძლებენ ისინი ერთობლივი ბრძოლის ორგანიზებას.