„თაიმსი“ – უკრაინელები როდესაც იძულებული არიან გაუმართლებელ დათმობებზე წავიდნენ, ამას დამცირების სუნი ასდის, რაც ეროვნული ერთიანობისთვის არაპროგნოზირებადი შედეგებით დასრულდება
დონბასი პუტინს არ აკმაყოფილებს, მას მეტი მოუნდება, – ამის შესახებ გამოცემა „თაიმსი“ წერს.
გამოცემის ცნობით, სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფის მცდელობისას, რომელიც თითქმის ერთი წელია, ვერ ხერხდება, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიევზე ზეწოლას ახდენს, რათა ცეცხლის შეწყვეტა შობამდე ამოქმედდეს.
„თაიმსის“ სტატიის მიხედვით, უკრაინელმა სამხედროებმა, შესაძლოა, უარი თქვან რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობაზე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დონბასის გადაცემაც კი არ იძლევა ომის დასრულების გარანტიას, რადგან კრემლი მთავარ მიზნად კიევის პროევროპული კურსის აღმოფხვრას და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების დაბლოკვას მიიჩნევს. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციას ართულებს კორუფციული სკანდალი და ანდრეი ერმაკის გადადგომა, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამას მცირე გავლენა აქვს მიმდინარე მოლაპარაკებებზე.
„ზელენსკის რომც უნდოდეს მიწის რუსეთისთვის დათმობა, უკრაინის კონსტიტუციით, საკითხი მხოლოდ რეფერენდუმის შედეგად წყდება, ხოლო ომის დროს რეფერენდუმის ჩატარება უკიდურესად რთულია, თუ შეუძლებელი არა. თუმცა რეფერენდუმი არ იქნებოდა საჭირო, თუ კიევი უბრალოდ გაიყვანდა ჯარებს რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურად აღიარების გარეშე“, – წერს გამოცემა.
ამავდროულად, ფონდის, „დაბრუნდი ცოცხალი“ წამყვანი ანალიტიკოსი ნიკოლაი ბელესკოვი მიიჩნევს, რომ არმიის ზოგიერთი დანაყოფი, შეიძლება, არ დაემორჩილოს დონბასიდან უკან დახევის ბრძანებას, რაც ეროვნული ერთიანობისთვის არაპროგნოზირებადი შედეგებით დასრულდება.
„უკრაინელები როდესაც იძულებული არიან, გაუმართლებელ დათმობებზე წავიდნენ, ამას ეროვნული დამცირების სუნი ასდის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც 11 წელზე მეტია, იბრძვის. მაშინაც კი, საბოლოოდ ტერიტორიას მაინც თუ დაკარგავ, უმჯობესია, მტერს მაღალი ფასი გადაახდევინო, ვიდრე შემდეგი შეტევისთვის პირობები შეუქმნა. ბრძოლის გარეშე უკან დახევა პოლიტიკურად რთულია და სამხედრო თვალსაზრისით – საშიში“, – ხაზგასმით აღნიშნა ნიკოლაი ბელესკოვიმა.