„თაიმსი“ - სირიის ხელისუფლება აშშ-ს უკრაინასთან გაფორმებული წიაღისეულის შეთანხმების მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს და სანაცვლოდ სანქციების მოხსნას სთხოვს
სირიის ხელისუფლება აშშ-ს უკრაინასთან გაფორმებული წიაღისეულის შეთანხმების მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს და სანაცვლოდ სანქციების მოხსნას სთხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „თაიმსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, სირიის დროებითმა პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მოხსნას სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, სანაცვლოდ კი აშშ-ის თავისი ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე წვდომას სთავაზობს.
მედია წერს, რომ ამ თხოვნის საპასუხოდ ტრამპი სანქციების შემსუბუქებას გეგმავს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, სირიის ახალმა ხელისუფლებამ შუამავლების საშუალებით შესთავაზა ვაშინგტონს შეთანხმება ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე წვდომის შესახებ, რომელიც უკრაინასთან დადებული შეთანხმების მსგავსია. გარდა ამისა, შარაამ დამასკოში „ტრამპ თაუერის“ აშენების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.
„თაიმსის“ ცნობით, აშშ-სა და სირიას შორის შუამავლებს შორის, სავარაუდოდ, არიან საუდის არაბეთისა და თურქეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები. გამოცემის ცნობით, თეთრ სახლში განიხილავდნენ საუდის არაბეთში ვიზიტისას ტრამპის შარაასთან შეხვედრის შესაძლებლობასაც, თუმცა 12 მაისის ცნობილი გახდა, რომ ეს შეხვედრა არ გაიმართება.
როგორც მედია წერს, სირიის დროებითი პრეზიდენტის ტრამპთან შეხვედრის წინააღმდეგ გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების ნაწილი, მათ შორის აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი.
საუდის არაბეთში გამგზავრების წინ თეთრ სახლში გამოსვლისას ტრამპმა არ გამორიცხა სირიის მიმართ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობა. ტრამპმა აღნიშნა, რომ სირიის მიმართ სანქციების შემსუბუქებას მას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სთხოვდა.