„თაიმსი“ - შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წევრობისთვის განაცხადის შეტანას ზაფხულში გეგმავენ
„თაიმსი“ - შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წევრობისთვის განაცხადის შეტანას ზაფხულში გეგმავენ

შვედეთი და ფინეთი ამ ზაფხულს ნატო-ს წევრობისთვის განაცხადის შეტანას გეგმავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის მიერ გავრცელებული თანახმად, აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთმა დაუშვა დიდი სტრატეგიული შეცდომა, რადგან შვედეთი და ფინეთი, როგორც ჩანს, მზად არიან ნატო-ში გაწევრიანებისთვის.

როგორც მედია წერს, აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სკანდინავიის ორივე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება იყო მოლაპარაკებების და მრავალი შეხვედრის საგანი გასულ კვირას ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების დროს, რომელსაც მოწვეული სტუმრების სახით შვედეთი და ფინეთი ესწრებოდნენ.

მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ფინეთი შეიტანს განაცხადებს ივნისში, შემდეგ კი – შვედეთი. მანამდე, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ დროა, ფინეთმა სერიოზულად გადახედოს თავის პოზიციას ნატო-ს მიმართ.

„თაიმსი“ წერს, რომ აღნიშნული გეგმები თუ განხორციელდება, ფინეთი გახდება ქვეყანა, რომელსაც ნატო-ს წევრებს შორის რუსეთთან ყველაზე გრძელი (1340 კმ) საერთო საზღვარი ექნება.