„თაიმსი“ - დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს
„თაიმსი“ - დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს. ამის შესახებ ბრიტანული „თაიმსი“ იუწყება.

როგორც გამოცემა წყაროს მითითების გარეშე წერს, ლიდერების პირისპირ შეხვედრის საორიენტაციო თარიღად 15 სექტემბერი განიხილება, როდესაც ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესია გაიხსნება.
ის, რომ ტრამპს პუტინთან შეხვედრა სურდა, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 13 ივლისს შემდგარი სატელეფონო საუბრის დროსაც აცნობა.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის, რუსეთის, აშშ-ის, ჩინეთის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ლიდერების შეხვედრის იდეით ვლადიმერ პუტინი ჯერ კიდევ იანვარში გამოვიდა. ე.წ. „ხუთეულის“ შეხვედრას მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. სწორედ,  „ხუთეულის“ შესაძლო შეხვედრის საკითხზე ისაუბრეს 13 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის დროს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინის მიწვევა „დიდი შვიდეულის“ სამიტზეც სურდა, რომელიც ივნისში აშშ-ში უნდა გამართულიყო, თუმცა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, გადაიდო. რუსეთთან ერთად გაფართოებულ ფორმატში, განიხილებოდა სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდოეთის მიწვევაც.

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ბოლოს 2019 წლის ივნისში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ოსაკაში შეხვდნენ.