„თაიმსი“ - ბრიტანეთიდან სომხეთში, შესაძლოა, არალეგალი მიგრანტები გაგზავნონ
„თაიმსი“ - ბრიტანეთიდან სომხეთში, შესაძლოა, არალეგალი მიგრანტები გაგზავნონ

ბრიტანეთიდან სომხეთში, შესაძლოა, არალეგალი მიგრანტები გაგზავნონ, – ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბრიტანეთი მოლაპარაკებას აწარმოებს ოთხ ქვეყანასთან, მათ შორის სომხეთთან, ბოცვანასთან, კოტ-დივუართან და კოსტა რიკასთან. გამოცემის ცნობით, ლონდონი სწორედ ამ ოთხ ქვეყანასთან ელის გაერთიანებულ სამეფოსა და რუანდას შორის ადრე მიღწეული შეთანხმების ანალოგის დადებას.

„თაიმსის“ ცნობით, ლონდონმა ერევანთან ტექნიკური მოლაპარაკებები გასული წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლეო დოკერტი სომხეთს ეწვია. მედია წერს, რომ სომხეთის ხელისუფლება აკვირდება რუანდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ კანონს.

რუანდასთან დადებული შეთანხმება გულისხმობს მიგრანტების მშობლიურ ქვეყნებში გაძევების შესაძლებლობის გამორიცხვას, სადაც მათ შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს. ასევე, დაისვა ბრაზილიასთან, კოლუმბიასთან, პარაგვაისთან, პერუსა და ეკვადორთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხი, მაგრამ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნების ხელისუფლება დიდად არ ინტერესდება.

როგორც „თაიმსი“ წერს, არსებობს აფრიკული სახელმწიფოების სარეზერვო სია, მათ შორის ანგოლა, კაბო ვერდე, ტანზანია, ტოგო, სენეგალი და სიერა ლეონე, რომლებთანაც ბრიტანულმა მხარემ, შესაძლოა, დიალოგი დაწყოს. გამბიამ, მაროკომ, ნამიბიამ და ტუნისმა უარი განაცხადეს ამ საკითხის განხილვაზე.

გამოცემა იხსენებს, რომ დიდი ბრიტანეთი წელიწად-ნახევარია ეძებს ქვეყნებს, რომლებიც მზად იქნებიან სამეფოდან გაძევებული არალეგალური მიგრანტების მისაღებად. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იმედოვნებდა, რომ გააფორმებდა შესაბამის შეთანხმებებს გასულ შემოდგომაზე, მაგრამ მოლაპარაკებები შეფერხდა, რადგან ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუანდაში არალეგალი მიგრანტების გაგზავნა ჯერ ვერ შეძლო.