„თაიმს ოფ ისრაელი“ - მრავალი წლის განმავლობაში ნეთანიაჰუ მხარს უჭერდა „ჰამასს“, ახლა ეს სახეში აგვიფეთქდა
„თაიმს ოფ ისრაელი“ - მრავალი წლის განმავლობაში ნეთანიაჰუ მხარს უჭერდა „ჰამასს“, ახლა ეს სახეში აგვიფეთქდა

მრავალი წლის განმავლობაში ნეთანიაჰუ მხარს უჭერდა „ჰამასს“, ახლა ეს სახეში აგვიფეთქდა, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ისრაელის გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელი“. სტატიის ავტორი, ტალ შნაიდერი წერს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკას, რომელიც ტერორისტულ ჯგუფს პარტნიორად ეპყრობოდა, მაჰმუდ აბასის და პალესტინის სახელმწიფოებრიობის ხარჯზე, მოჰყვა ჭრილობები, რომელთა შეხორცებისთვის ისრაელს წლები დასჭირდება.

„წლების განმავლობაში, სხვადასხვა მთავრობა, ბენიამინ ნეთანიაჰუს მეთაურობით, იყენებდა მიდგომას, რომელიც ყოფდა ძალაუფლებას ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროს შორის – აჩოქებდა პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს იმ ნაბიჯების გადადგმისას, რომლებიც მხარს უჭერდა „ჰამასის“ ტერორისტულ დაჯგუფებას. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ხელი შეეშალა აბასისთვის ან დასავლეთ ნაპირზე მყოფი პალესტინის ხელისუფლების სხვა წევრებისთვის, მიეღწია წარმატებისთვის პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გზაზე. ამრიგად, აბასის დაზიანების ამ მცდელობის ფონზე, „ჰამასი“ გადაკეთდა უბრალო ტერორისტული დაჯგუფებიდან ორგანიზაციად, რომელთანაც ისრაელი ირიბ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ეგვიპტის გავლით, და ისეთ ორგანიზაციად, რომელსაც მიეცა საშუალება მიეღო ფულადი სახსრები საზღვარგარეთიდან. სხვადასხვა ცნობების მიხედვით, ნეთანიაჰუმ „ლიქუდის“ ფრაქციის შეხვედრაზე, 2019 წლის დასაწყისში ამბობდა, რომ ვინც ეწინააღმდეგება პალესტინის სახელმწიფოს, მხარი უნდა დაუჭიროს ღაზაში თანხების გადაცემას, რადგან დასავლეთ ნაპირზე პალესტინის ხელისუფლებასა და ღაზაში „ჰამასს“ შორის გამიჯვნის შენარჩუნება ხელს შეუშლის პალესტინის სახელმწიფოს შექმნას“, – წერია სტატიაში.

იგივე ხაზს ავითარებს გამოცემა „ჰაარეცის“ მიმომხილველი დმიტრი შუმსკი, რომელიც ამტკიცებს, რომ ნეთანიაჰუ ატარებდა „დიპლომატიური პარალიზების“ პოლიტიკას, რათა თავიდან აეცილებინა პალესტინელებთან მოლაპარაკებები ორი სახელმწიფოს შესახებ.

„ამ სტრატეგიამ აქცია „ჰამასი“ მცირე ტერორისტული ჯგუფიდან ეფექტურ, მომაკვდინებელ არმიად სისხლისმსმელი მკვლელებით, რომლებიც უმოწყალოდ ხოცავდნენ უდანაშაულო ისრაელის მოქალაქეებს“, – წერს დმიტრი შუმსკი.

პარალელურად, გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს, რომ ბოლოდროინდელი გამოკითხვების მიხედვით, ისრაელის მოქალაქეების მნიშვნელოვანი უმრავლესობა ადანაშაულებს ნეთანიაჰუს არა მხოლოდ სამხედრო და დაზვერვის წარუმატებლობაში, არამედ, პირველ რიგში, ტერორისტული ჯგუფის „მხარდაჭერაში“.