„თაიმი" - რუსეთი საკუთარი ქმედებებით აჩვენებს, რომ ნატო-ს მოწინააღმდეგედ მიიჩნევს
„თაიმი" - რუსეთი საკუთარი ქმედებებით აჩვენებს, რომ ნატო-ს მოწინააღმდეგედ მიიჩნევს

რუსეთი საკუთარი ქმედებებით აჩვენებს, რომ ნატო-ს მოწინააღმდეგედ მიიჩნევს, – ამის შესახებ საუბარია გამოცემა „თაიმის“ სტატიაში, სადაც განსაკუთრებული ადგილი საქართველოს საკითხს უკავია.

ამერიკულ გამოცემაში განმარტებულია, რომ 2008 წელს ბუქარესტში გამართულ სამიტზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების პირობა მისცა, თუმცა გაწევრიანების გეგმა არ შესთავაზა. „თაიმი” წერს, რომ ამავე წლის აგვისტოში აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაცვის საბაბით რუსეთი საქართველოში შეიჭრა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამას 800 ადამიანი შეეწირა, საქართველოს რეგიონებმა კი, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

გამოცემა ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ რუსეთი იმ მცირე სახელმწიფოთა შორისაა, რომელიც აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

სტატიაში მოყვანილია ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ციტატა: „ჩვენ ბუქარესტის სამიტზე არასწორი გზავნილი გვქონდა. პუტინმა მიიჩნია, რომ თუ ჩვენ გადაწყვეტილებას გამოცდიდა, ჩვენი მხრიდან მოქმედების სურვილის ნაკლებობას შეხვდებოდა.“

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის აზრით, ალიანსში გაწევრიანების გეგმას შესაძლოა, საქართველო რუსეთის შეჭრისგან ეხსნა.

„თაიმის” სტატიაში განმარტებულია, რომ რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა მოსკოვის აგრესიული ქმედებების შემდეგ, ახლა კი ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, მათ შორის ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, შეშინებულები არიან.

ამერიკული გამოცემის სტატიაში ასევე მოყვანილია კრემლის ყოფილი მრჩევლის, სერგეი კარაგანოვის სიტყვები, რომელიც მიიჩნევს, რომ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგობა არის პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რადგან შედეგად, რუსეთი და დასავლეთი ავტომატურად მოწინააღმდეგეები აღმოჩნდნენ.