ტაიმაუტის ექსკლუზივი | სანიოლი თამაშამდე ერთი დღით ადრე გამოჩენის წინააღმდეგია - გუნდების ფიზმომზადების მწვრთნელების გაცნობაც მსურს #1TVSPORT
ვილი სანიოლის თქმით, ეროვნული ლიგის გუნდების მწვრთნელებთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ილაპარაკა.
„ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან ამის საშუალება ხშირად არ გვეძლევა. რამდენიმე საკითხი განვიხილეთ – ქართული ფეხბურთის განვითარება, და რა შეგვიძლია ამისთვის ერთად გავაკეთოთ. ასევე განვიხილეთ, როგორ გავზარდოთ უკეთესი ფეხბურთელები კლუბებისთვის და შესაბამისად – ეროვნული ნაკრებებისთვის“, – განაცხადა სანიოლმა „ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფიზმომზადების აუცილებლობას გაუსვა ხაზი: „ეს შეხვედრა იმიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მწვრთნელებისთვის ეროვნულ ლიგასთან და სათამაშო დონესთან დაკავშირებით ჩემი შთაბეჭდილებები გამეზიარებინა. იქ არ იყო კრიტიკა და ცუდი სიტყვები. უბრალოდ, საფეხბურთო ტაქტიკოსების საინტერესო საღამო გახლდათ. მათ აუცილებლად კიდევ შევხვდები და მინდა, ფიზმომზადების მწვრთნელებიც გავიცნო, რადგან ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ერთად ვიმუშაოთ“.
სანიოლის თქმით, თბილისში ცხოვრება პატივისცემის საკითხიცაა: „ჩემს გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ თბილისში დიდ დროს გავატარებდი. ეს ხალხისა და კულტურის უკეთ გაცნობაში დაგვეხმარება. ჩემი სტაფის წევრებს ვუთხარი – თუ გვინდა რაიმე დიდი წარმატების მიღწევა, ზურგსუკან ხალხი და მოთამაშეები უნდა გვედგნენ. კულტურას და მენტალობას სათანადოდ თუ არ გავიცნობთ, ამოცანა საგრძნობლად გართულდება. თბილისში გადმოსვლის უმთავრესი მიზეზი ეს იყო. თუმცა, ეროვნულ ნაკრებში მუშაობაც ასე წარმომიდგენია“.
ფრანგი სპეციალისტის თქმით, მისთვის ზერელე მუშაობა მიუღებელია: „თამაშამდე ერთი დღით ადრე გამოჩენა და მატჩის შემდეგ შინ სასწრაფოდ გამგზავრება არ მსურს. ეს პატივისცემის საკითხიცაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა პირველი საუბრისას ჩემ მიმართ დიდი პატივისცემა გამოიჩინეს და ამას აუცილებლად დავაბრუნებ“.